სანქციების გავლენა ეკონომიკაზე - თავისუფალი ბიზნესი გამოსავალს ახალ არჩევნებში ხედავს

20.12.24 12:11
სანქციების გავლენა ეკონომიკაზე - თავისუფალი ბიზნესი გამოსავალს ახალ არჩევნებში ხედავს

რა ეკონომიკურ და სოციალურ შედეგს მივიღებთ პოლიტიკური კრიზისის პირობებში - საკითხზე თავისუფალი ბიზნესი მსჯელობს. მას შემდეგ, რაც შს მინისტრი მაგნიტსკის სიაში შეიყვანეს, ბიზნესი ფიქრობს, რომ ეკონომიკის ჩამოშლის რისკებმა მოიმატა. მათი თქმით, ინვესტიციები უკვე გაჩერდა, რამდენიმე სექტორი თანამშრომლებს კარგავს და ეს მხოლოდ დასაწყისია. ბიზნესი დარწმუნებულია, რომ ახლა ბანკებმა სანქციები უნდა აღასრულონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეორეული სანქციები კიდევ უფრო მძიმედ დაარტყამს ქვეყანას. თავისუფალი ბიზნესი გამოსავალს ახლა ახალი არჩევნების დანიშვნაში ხედავს.

სანქცირებული შს მინისტრი, სანქცირებული პრემიერ-მინისტრი და სანქცირებული მთავრობა, არ ვიცი, რა გითხრათ, ეს არის ჩიხი, რომლიდანაც მხოლოდ ერთადერთი გამოსავალია, ეს არის ახალი არჩევნები. ამ პოლიტიკამ მოიტანა ის შედეგი, რომ არცერთი სერიოზული ინვესტორი, თუნდაც განწყობილი იმისთვის, რომ საქართველოში ინვესტიცია გაკეთებინა და ფიქრობდა ინვესტიციების ჩადებას, ჩათვალეთ, რომ არცერთი ინვესტორი ამას არ გააკეთებს. ეგ კი არა, გადინება დაიწყება იმ ინვესტიციების, რომელიც ადგილზე გვაქვს. ისინი დაიწყებენ მოძებნას უკვე რეგიონში, ვთქვათ, იგივე სომხეთში, აზერბაიჯანში ადგილის დაკავებას, რომ იქიდან აწარმოონ ბიზნესი, - ამბობენ ბიზნეს სფეროს წარმომადგენლები. 

უკვე რამდენიმე დღეა თავისუფალი ბიზნესი მუქარის მიუხედავად გაჩუმებას არ აპირებს და პრობლემებსა და გამოსავალზე საუბრობს.

ცნობისთვის, 19 დეკემბერს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და გდდ-ის ხელმძღვანელის მოადგილეს, მირზა კეზევაძეს სანქციები დაუწესა და მაგნიტსკის სიაში შეიყვანა. 

ამასთან, 19 დეკემბერს, დიდმა ბრიტანეთმა შინაგან საქმეთა მინისტრს და პოლიციის მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორის არიან მინისტრი ვახტანგ გომელაური, მისი მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, სულხან თამაზაშვილი, ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური.

მსგავსი სიახლეები