ეუთო/ოდირის უმწვავესი დასკვნა - ცესკო განცხადებას ავრცელებს
ეუთო/ოდირის უმწვავესი დასკვნის მიუხედავად, ცესკო ამტკიცებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო.
ამ ფაქტს ადასტურებს ეუთო/ოდირის მიერ დღეს გამოქვეყნებული დასკვნა, რომლითაც არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში (90% და მეტი) საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა შეფასდა დადებითად, - ამბობს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეუთო/ოდირის ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვალობის პოლიტიკა და მის მიერ განხორციელებული მთელი რიგი საქმიანობები.
„ეუთო/ოდირის დასკვნაში ხაზგასმულია, რომ საარჩევნო ელექტრონული აპარატების 99%-მა იმუშავა გამართულად, ხმის მთვლელი აპარატის შედეგები კი ემთხვეოდა ხელით დათვლილ შედეგებს. ასევე აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა რომ ამის ვალდებულება არ ყოფილა, საარჩევნო ადმინისტრაციამ საკუთარი ინიციატივით განახორციელა საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტი.
ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვალობის პოლიტიკა და მის მიერ განხორციელებული მთელი რიგი საქმიანობები. მათ შორის ფართომასშტაბიანი ინფორმირების კამპანია, სწავლებები, რომლებიც ჩატარდა როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის, ისე ჩართული მხარეებისთვის, ასევე ეთნიკური უმცირესობებისა და შშმ პირების საარჩევნო პროცესში ჩართულობის მიზნით განხორციელებული აქტივობები. ხაზგასმულია, რომ ამომრჩეველთა სიის ფორმირების პროცესი იყო ინკლუზიური და დამკვირვებელთა უმრავლესობას არ გამოუთქვამს მნიშვნელოვანი შენიშვნები საარჩევნო სიების სიზუსტესთან დაკავშირებით. აღნიშნულია, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და ცესკოს მხრიდან პარტიების რეგისტრაციის პროცესი ინკლუზიურად წარიმართა. ამასთან ანგარიშში საუბარია, რომ ყველა მნიშვნელოვან სიახლეს საარჩევნო ადმინისტრაცია მყისიერად აქვეყნებდა, ხოლო ცესკოს სხდომების ნახვა შესაძლებელი იყო ლაივ რეჟიმში, რაც ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფდა.
აღსანიშნავია, რომ გამოქვეყნებულ ანგარიშში საერთოდ არ არის ნახსენები საზღვარგარეთ ხმის მიცემის საკითხი, რაც ადასტურებს რომ მთელი საარჩევნო წლის განმავლობაში ამ თემაზე დაინტერესებული მხარეების მიერ განხორციელებული ბრალდებისა და ზეწოლის კამპანია იყო უსაფუძვლო და საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო პრაქტიკისა და კანონის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედა არჩევნებში საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების ჩართულობის უზრუნველსაყოფად.
ეუთო/ოდირის დასკვნაში გამოთქმულია გარკვეული წუხილები და საყურადღებო რეკომენდაციები საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით. მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობასთან მიმართებაში სადამკვირვებლო მისია გასცემს საარჩევნო მასალების დახვეწის, საუბნო საარჩევნო კომისიების შენობების შერჩევისა და კენჭისყრის შენობაში მყოფი პირების რაოდენობის პრობლემატიკასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს.
საარჩევნო ადმინისტრაცია დეტალურად გაეცნობა და შეისწავლის დასკვნაში ასახულ ყველა რეკომენდაციას, და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს მოსაზრებებს ამა თუ იმ რეკომენდაციასთან მიმართებაში. ამასთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეუთო/ოდირის მოსაზრებების გაცნობა იმის შესახებ, თუ როგორ ხედავს ორგანიზაცია რეკომენდაციების იმპლემენტაციის პროცესს საერთაშორისო კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის ეუთო/ოდირთან მჭიდრო თანამშრომლობის გასაგრძელებლად საარჩევნო პროცესის კიდევ უფრო დახვეწისა და გაუმჯობესების მიზნით”, - ნათქვამია განცხადებაში.
ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა, ის მძიმე დარღვევებია ასახული, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს.
დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევაზე და ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ.
მძიმე დარღვევის ფონზე, ეუთო რამდენიმე მიმართულებით წერს , რომ ეს არჩევნები ეუთო ოდირის გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულია.
რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობას და შედეგების აღიარებას, ეუთო წერს, რომ ეს არ არის მისი მანდატი.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან