22 დეკემბერს, 18:00 საათზე, Erasmus-ის პროგრამების მონაწილეები საპროტესტო მარშს გამართავენ
22 დეკემბერს, 18:00 საათზე, Erasmus-ის პროგრამების მონაწილეები საპროტესტო მარშს გამართავენ და არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების შედეგად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის EQAR-ის რეგისტრაციის შეჩერებას გააპროტესტებენ.
მარშის მონაწილეები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ.
"ჩვენ გვაქვს თანამედროვე განათლების მიღების უფლება და არ დავუშვებთ მისი მომავლის ეჭვქვეშ დაყენებას!" - წერენ ორგანიზატორები.
ჩვენ ვაპროტესტებთ არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების შედეგად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის EQAR-ის რეგისტრაციის შეჩერებას. გადაწყვეტილებას, რომელიც უმძიმეს შედეგებს მოუტანს საქართველოს განათლების სისტემას.
რა მოხდა?
6 დეკემბერს დარგის სპეციალისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა კარგავს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობას.
ეს ნიშნავს:
- უმაღლესი განათლების რეპუტაციის დაზიანებას და საერთაშორისო ნდობის დაკარგვას.
- სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კრედიტებისა და დიპლომების აღიარების ეჭვქვეშ დაყენებას საზღვარგარეთ.
- ერთობლივი საერთაშორისო პროგრამების შემცირებას და Erasmus-ის მსგავსი მობილობის გართულებას.
- საქართველოში საერთაშორისო სტუდენტების მიღების შესაძლებლობების შეზღუდვას
ჩვენ, Erasmus-ის პროგრამების მონაწილეებს, საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი ევროკავშირის ქვეყნებში განათლების მიღების და პროგრამებში მონაწილეობის უპირატესობები. თუმცა, 28 ნოემბერს არალეგიტიმურმა მთავრობამ ღიად თქვა უარი ევროპულ კურსზე. სწორედ ამ ანტი-დასავლური ქმედებების შედეგად, სხვა სტუდენტებისთვის შეუძლებელი გახდება მათი განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროექტებში მონაწილეობის მიღება.
ჩვენ გვაქვს თანამედროვე განათლების მიღების უფლება და არ დავუშვებთ მისი მომავლის ეჭვქვეშ დაყენებას!" - წერია განცხადებაში.