რამდენს უხდის "ტიტუშკებს" რეჟიმი - გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის მამხილებელი ჩვენება
გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი ნოდარ მელაძესთან ექსკლუზიური ინტერვიუში ამბობს, რომ სისტემას აქციის გასაშავებლად ადამიანები ჰყავს დაქირავებული, რომლებიც დემონსტრაციულად სროლას და გინებას იწყებენ აქციებზე.
შაიშმელაშვილი ასახელებს კონკრეტულ თანხასაც, რომელსაც რეჟიმი "ტიტუშკებს" უხდის.
„საზოგადოებამ რომ იცოდეს, ესენი არ არიან აქციის მონაწილეები. [ესენი არიან] 500 და 1000 ლარად შეგზავნილი პროვოკატორები, რომლებიც სპეციალურად და მიზანმიმართულად იგინებიან და ისვრიან, რომ მერე მთლიანი აქცია მახინჯად და დემონიზებულად აქციონ.
აქციაზე ძალიან განათლებული ახალგაზრდობა დგას და ძალიან ღირებულებებით სავსე ადამიანები, მაგრამ იქ არიან ცალკეული ჯგუფები, რომლებიც შედიან აქციაში და მთლიანად აქცია ხდება ძალადობრივი და ადამიანი, რომელიც იქ აბსოლუტურად მშვიდობიანად იყო მისული, შეიძლება ამას აყვეს", – აცხადებს ირაკლი შაიშმელაშვილი.
ირაკლი შაიშმელაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ ნოდარ მელაძესთან, ხვალ, 28 დეკემბერს, „ტვ პირველის“ ეთერში 20:00 საათზე გავა.
ცნობისთვის, ირაკლი შაიშმელაშვილმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსის თანამდებობა 3 დეკემბერს, იმ დროს დატოვა, როცა თბილისში პროევროპული საპროტესტო აქციების განსაკუთრებული სისასტიკით დარბევა მიმდინარეობდა. 26 დეკემბერს კი ირაკლი შაიშმელაშვილმა ოჯახთან ერთად ქვეყნის დატოვების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.