გოგიჩაიშვილი: ვნახე, პოლიციელებმა როგორ წაიყვანეს „შერატონის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი... მრჩება შთაბეჭდილება, რომ საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა
ვნახე, პოლიციელებმა როგორ წაიყვანეს „შერატონის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი - მრჩება შთაბეჭდილება, რომ არაფერი საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა გიორგი გახარიაზე თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ეს არის პოლიტიკური დანაშაული და "ამას არავინ არავის „გაუტარებს“.
გოგიჩაიშვილი ვიდეომტკიცებულებების შესაძლო განადგურებაზე დასმულ კითხვასაც პასუხობს და აღნიშნავს, რომ ამის გაკეთება გაუჭირდებათ.
„აქ ვიყავი, პოლიციელებმა როგორ წაიყვანეს „შერატონის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. რაღაც თეთრ მანქანაში ჩასვეს... მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ არაფერი [საგამოძიებო მოქმედება] არ ჩატარებულა. ისინი გეტყვიან ჩატარდაო, მაგრამ ამას აზრი არ აქვს. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი აისახება საგამოძიებო ოქმში.
მე ვფიქრობ, რომ გაუჭირდებათ ამის [ვიდეომტკიცებულებების განადგურება] გაკეთება. ჩვენ არა მარტო ამათ მოვთხოვთ, არამედ მივწერთ „შერატონის“ ცენტრალურ ოფისს, რომ ზეწოლა განახორციელონ აქაურ წარმომადგენლობაზე, რომ მათ ვერ შეძლონ ამის [ვიდეომტკიცებულებების] განადგურება. ეს არის ძალიან სერიოზული მტკიცებულება. ეს არის სისტემური დანაშაული, პოლიტიკური დანაშაული. ამას არავინ არავის „გაუტარებს“ იმიტომ, რომ ყველაფერზე წამსვლელია რეჟიმი და ეს არის ბრძოლა,“ - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
"საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას გვიან ღამით ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" თავს დაესხნენ.
ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.
პარტიის წევრები პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებენ.
გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
"შერატონში" თავდასხმის ობიექტი გახდა ასევე ჟურნალისტი ზვიად ქორიძეც.