"არალეგიტიმურ პარლამენტს თამამად შეგვიძლია დავუძახოთ კრიმინალების პარლამენტი" - თოლორაია გახარიასა და ქორიძეზე თავდასხმაზე
"არალეგიტიმურ პარლამენტს თამამად შეგვიძლია დავუძახოთ კრიმინალების პარლამენტი" - ასე ეხმაურება ორგანიზაცია "ჩემი ხმას" წარმომადგენელი და ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია პარტია "საქართველოსთვის" ლიდერზე, გიორგი გახარიაზე და ჟურნალისტ, ზვიად ქორიძეზე თავდასხმას.
მისი თქმით, ივანიშვილის გუნდის წევრები "დღეს არ ტოვებენ დანაშაულის ჩადენის გარეშე",
თოლორაია საქართველოს პროკურატურას მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
"არალეგიტიმურ პარლამენტს თამამად შეგვიძლია დავუძახოთ კრიმინალების პარლამენტი.
დღეს არ ტოვებენ პარლამენტის წევრები დანაშაულის ჩადენის გარეშე. დანაშაულს ჩადიან საქართველოს ყველა რეგიონში, მსოფლიოს ყველა კუთხეში. ცემენ განსხვავებული აზრის მქონე ყველა პირს: უბრალო მოქალაქეებს, ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
ამ საქმეს უნდა იძიებდეს არა შსს, არამედ საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia ველოდებით თქვენს ისეთივე მყისიერ რეაგირებას, როგორც ჟურნალისტ ქალზე მოახდინეთ ბათუმში", - წერს თოლორაია სოციალურ ქსელში.
"საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას გვიან ღამით ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" თავს დაესხნენ.
ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.
პარტიის წევრები პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებენ.
გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
"შერატონში" თავდასხმის ობიექტი გახდა ასევე ჟურნალისტი ზვიად ქორიძეც.