"მოვითხოვთ ზვიად ქორიძესა და გიორგი გახარიაზე დანაშაულის დაუყოვნებლივ გამოძიებას" - ISFED
"სამართლიანი არჩევნები" (ISFED) განცხადებას აქვეყნებს და ზვიად ქორიძესა და გიორგი გახარიაზე თავდასხმის დაუყოვნებლივ გამოძიებას და ჯგუფური ძალადობის მონაწილე პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვს.
"15 იანვარს ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" "ქართული ოცნების" წარმომადგენლები თავს დაესხნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელ ზვიად ქორიძესა და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პარტიის "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმაში „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ასევე, გიორგი მანველიძე და პარტიის სხვა წევრები მონაწილეობდნენ. ისინი ჯერ ზვიად ქორიძეს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ხოლო მოგვიანებით ფიზიკურად გაუსწორდნენ გიორგი გახარიას, რომელსაც ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენეს.
მედიის ინფორმაციით, პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. "სამართლიანი არჩევნები" მოითხოვს დანაშაულის დაუყოვნებლივ გამოძიებას, ჯგუფური ძალადობის მონაწილე პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებას. მომხდარ შემთხვევას ბევრი მოწმე ჰყავს, ასევე, არსებობს სასტუმროს ვიდეოკამერების ჩანაწერები," - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, "საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას გვიან ღამით ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" თავს დაესხნენ.
ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.
პარტიის წევრები პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებენ.
გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
"შერატონში" თავდასხმის ობიექტი გახდა ასევე ჟურნალისტი ზვიად ქორიძეც.
ქორიძის თქმით, სასტუმრო „შერატონის“ ლობიში, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე და მასთან მყოფი სხვა პირები თავს დაესხნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ.