“ვერ ივლის გიორგი აქციებზე, დედა ივლის, არ გაჩერდება“ - სინდისის პატიმრის დედა
თბილისის საქალაქო სასამართლოში 21 წლის გიორგი მინდაძის პროცესი გაიმართა, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.
პროცესზე მხარეებმა შესავალი სიტყვა წარმოთქვეს.
მინდაძის ადვოკატი თქმით, საქმეში არ დევს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიციელს თავს დაესხა.
დღეს შესავალი სიტყვა წარმოვთქვით მხარეებმა, სხვა პროცესებზე მოზხდება მტკიცებულებების გამოკვლევა. დავკითხვათ მოწმეებს და დადასტურდება ის, რასაც დაცვის მხარე მთელი ამ დროის განმავლობაში ამტკიცებს, რომ მინდაძე უდანაშაულოა, იგი თავს არავის დასხმია და არავინ დაუზიანებია.
საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს, რომელიც მის დანაშაულს დაადგენს“, - აცხადებს ადვოკატი.
ბრალდების არ სჯერათ ოჯახის წევრებს. მინდაძის დედის თქმით, მას არ ჰგონია, რომ ვინმე დაზიანებულია, რადგან ჯერ ასეთი არავინ გამოჩენილა.
არ მგონია, ვინმე დაზიანებული იყოს, მეეჭვება, ჯერ ვერავინ დავინახეთ დაზარალებული, ვერც ფორმა 100 წარმოადგინეს. კი ბატონო, ვიცი, რომ ეგეც დაიწერება, ხმამაღლა ვამბობ, რომ უსამართლო სასამართლოში ვართ. თვითონაც შემართებითაა, ვიდრე მე ფეხზე ვიქნები, ისიც არასდროს დაეცემა, იცის, რომ ერთმანეთს გავაძლიერებთ. არ არის გიორგი აქციებზე, ვერ ივლის, დედა ივლის, არ გაჩერდება“, - ამბობს გიორგი მინდაძის დედა.
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს, გიორგი მინდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. კერძოდ, მას ედავებიან, რომ 29 ნოემბერს, პოლიციელს პიროტექნიკა ესროლა, რის შედეგადაც ფეხზე დაზიანება მიიღო.