“ეკითხებოდნენ რამდენი წლის ხარ და იმდენჯერ აგინებდნენ დედას“ - ადვოკატები დაკავებულებზე შემზარავ ამბებს ყვებიან
ნადირობა აქციის მონაწილეებზე - ადვოკატები, რომლებმაც დაკავებულები მოინახულეს, ჰყვებიან, როგორ უსწორდებოდნენ სპეცრაზმელები ახალგაზრდებს, როგორ მიჰყავდათ საჩვენებლად და დასასჯელად ხარებასთან და როგორ გრძელდებოდა სასტიკი ანგარიშსწორება დაკავების მანქანებში.
ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებულების ნაწილს იზოლატორში გაეწია სამედიცინო დახმარება, ნაწილი კი კლინიკაში გადაიყვანეს.
მოვინახულე სარიშვილი, რომელიც მიყვება შემაძრწუნებელ ისტორიებს. ის დააკავეს მხოლოდ იმიტომ, რომ როდესაც, აქციის მონაწილეს სპეცერაზმი ფიზიკურად უსწორდებოდა და ძირს ეგდო, მის დასახმარებლად მივიდა. ამ დროს გდდ-ს თანამშრომლები მას მივარდნენ, წააქციეს, ათრიეს, ამ დროს თავში ურტყამდნენ, წაქცეულზეც ურტყეს, შემდეგ კი, როდესაც მიკროავტობუსში გადაიყვანეს, სპეცრაზმის ჯგუფების მასაც და მასთან ერთად მყოფ სამ ადამიანსაც კვლავ ფიზიკურად გაუსწორდა. ცინიკური იცით რა არის, ეკითხებოდნენ რამდენი წლის ხარ და იმდენჯერ აგინებდნენ დედას. მისი ინტენსივობიდან გამომდინარე, ქმედებები წამებას უტოლდება, როდესაც სარიშვილი იყო დაბმული, მიდიოდნენ და კიდევ ურტყამდნენ“, - ამბობს სარიშვილის ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე.
დაკავების დროს ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს ლუკა თეთრაძის ადვოკატი ბექა კვინიკაძეც. მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღენიშნება დაზიანებები.
მას აღენიშნება დაზიანება მარცხენა ფეხის არეში, ეს ციხის ექიმმაც დაადასტურა, შესაბამის დოკუმენტებში. ისე მხნედ გრძნობს თავს, დაკავებულია 166-ე და 173-ე მუხლებით, - აცხადებს ადვოკატი.