აფგან სადიგოვმა მშრალი შიმშილობა დაიწყო

03.02.25 18:14
აფგან სადიგოვმა მშრალი შიმშილობა დაიწყო

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა მშრალი შიმშილობა გამოაცხადა - საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფმა აფგან სადიგოვმა 136 დღიანი შიმშილობის შემდეგ წყლისა და მედიკამენტების მიღებაც შეწყვიტა. 

მისი მეუღლის, სევიჩ სადიგოვას ცნობით, ილჰამ ალიევის რეჟიმს გამოქცეული ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ჩემი მეუღლე აფგან სადიგოვი გუშინ, 2 თებერვლიდან  შიმშილობს. დღეს დამირეკა და მითხრა, რომ მისი მდგომარეობა უკვე ძალიან მძიმეა და არ ვიცი რა იქნება ამ დღის შემდეგ. აფგანის მდგომარეობა მძიმეა და იმ ფაქტმა, რომ ის ამდენი ხანი ინვალიდის ეტლსაა მიჯაჭვული, კიდევ უფრო დაამძიმა. იზოლატორიდან წიგნები მოითხოვა, მაგრამ აზერბაიჯანულ ენაზე წიგნები არ იყო. მისმა ადვოკატმა აზერბაიჯანული წიგნი მიუტანა, მაგრამ არც იმ წიგნს აძლევენ." - წერს სევიჩ სადიგოვა სოციალურ ქსელში.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი თბილისში, 3 აგვისტოს დააკავეს. შსს-ში ამბობენ, რომ სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი კი დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.   

მსგავსი სიახლეები