ნადირობა აქციის მონაწილეებზე - 16 წლის ბიჭი "ტვ პირველთან" შემზარავ ამბავს ყვება
სკოლის მოსწავლე "ხარებას" რაზმმა არ დაინდო. იცოდნენ, რომ ურტყამდნენ არასრულწლოვანს, თუმცა მაინც აიყვანეს დაკავების მანქანაში და სამი სპეცრაზმელი უსწორდებოდა. მოზარდი პოლიციამ იმ დროს დააკავა, როცა ის სპეცრაზმელების ალყაში, ჭყლეტის გამო ძირს დაცემულ მოქალაქეს ეხმარებოდა.
16 წლის ნიკოლოზ გველუკაშვილი სპეცრაზმელების სისასტიკეს აღწერს. ჯერ სცემეს ტროტუართან, მუცელში მუხლი ჩაარტყეს, ძლიერი ტკივილის გამო გონება დაკარგა, გონს რომ მოვიდა უკვე დაკავების მანქანაში იყო და მასთან ერთად სპეცრაზმელები კიდევ სამ მომიტინგეს ურტყამდნენ.
სასტიკი ანგარიშსწორების შემდეგ 16 წლის ნიკოლოზ გველუკაშვილს ტვინის შერყევა, დაჟეჟილობები და სისხლჩაქცევები აქვს მთელ სხეულზე. ოჯახს მისი დაკავების შემდეგ ინფორმაცია გვიან ღამემდე არ ჰქონდა. ეძებდნენ ყველგან, სადაც შეეძლოთ. აღმოაჩინეს, რომ მოზარდი გაძარცვული იყო, აღარც ტელეფონი ჰქონდა, აღარც საფულე, არც დამტენი და არც მზის სათვალე.
"ტვ პირველმა" დაადგინა იმ მანქანის ნომერი, სადაც ადამიანებს წამებას უწყებდნენ. ვიდეომასალაში, რომელიც ჩვენ სხვადასხვა რაკურსიდან გადავიღეთ, ჩანს, რომ ადამიანების ცემისთვის განკუთვნილი მანქანა "ხარებას" ავტომობილის გვერდით დგას და ვახო გომელაურის ნათესავი, სპეცრაზმის შეფი გასცემს მითითებას, ვინ სად უნდა გადაიყვანონ. ეს მანქანები ნოემბერ-დეკემბრის აქციების მსგავსად, საგანგებოდ წამების ადგილად იყო ქცეული. მანქანებში სკამები ამოცლილი იყო იმისთვის, რომ ანგარიშსწორებისთვის საკმარისი სივრცე ყოფილიყო.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.