1-ელი აპრილიდან "ოცნება" საჯარო სამსახურის ბიუროს აუქმებს
პირველი აპრილიდან "ქართული ოცნება" საჯარო სამსახურის ბიუროს აუქმებს - ივანიშვილის რეჟიმი გადაწყვეტილების მიღების მიზეზად "ხარჯების ოპტიმიზაციას" ასახელებს.
ირაკლი კობახიძის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, საჯარო სამსახურის ბიუროს ფუნქციას მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი დეპარტამენტები განახორციელებენ.
აღსანიშნავია, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს არაერთი ფუნქცია გამოაკლდა. მათ შორის თანამდებობის პირთა დეკლარაციებისა და საჯარო სამსახურში ეთიკისა და კეთილსინდისიერების კონტროლის ფუნქციები, რომლებიც ანტიკორუფციული ბიუროს რეგულირების სფეროში გადავიდა.
ამ ეტაპზე საჯარო სამსახურის ბიუროს ფუნქციები არსებითად შემოიფარგლება საჯარო ადმინისტრირების რეფორმაზე მუშაობით, რაც მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამის დეპარტამენტთან მჭიდრო კოორდინაციით ხორციელდება და საჯარო სამსახურში არსებულ ვაკანსიებზე კონკურსების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებით, რაც მეტწილად ტექნიკურ ფუნქციას წარმოადგენს.
შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო სამსახურის ბიურო თავდაპირველი ფუნქციების ერთ მესამედს უკვე აღარ ფლობს, სსიპ-ის ფორმით მისი არსებობა მიზანშეუწონელია. აქედან გამომდინარე, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წლის 1-ლი აპრილიდან საჯარო სამსახურის ბიურო სსიპ-ის ფორმით აღარ იფუნქციონირებს და მის უფლებამოსილებაში დარჩენილ ფუნქციებს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი დეპარტამენტები განახორციელებენ", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.