პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის

03.02.25 19:31
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა პარლამენტის დაქვემდებარებიდან გადის და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის. 

კანონპროექტის ავტორი შალვა პაპუაშვილია. კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ უნდა განისაზღვროს ეროვნული ბიბლიოთეკის სამართლებრივი სტატუსი, რომელიც კანონპროექტის ავტორის აზრით, ამჯერად ბუნდოვანია.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონით განსაზღვრული არ არის და შესაბამისად, ბუნდოვანია ეროვნული ბიბლიოთეკის სამართლებრივი სტატუსი. პრაქტიკაში ის, ერთი მხრივ, განცალკევებულია პარლამენტისგან (საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი მას მოიხსენიებს, არა როგორც პარლამენტის სტრუქტურულ ერთეულს, არამედ როგორც პარლამენტთან არსებულ  დაწესებულებას). თუმცა, ამავე დროს, არ აქვს ცალკე სამართლებრივი სუბიექტის სტატუსი. ამასთან, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და „საქართველოს  პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ეროვნული ბიბლიოთეკა ექვემდებარება საქართველოს პარლამენტს.

ზემოაღნიშნული თვალსაზრისით, ეროვნული ბიბლიოთეკის სტატუსი ამოვარდნილია  საჯარო სფეროში დამკვიდრებული სტანდარტიდან, როდესაც მსგავსი ტიპის დაწესებულებებს აქვთ დამოუკიდებელი სამართალ სუბიექტურობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით.

ეროვნული ბიბლიოთეკის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრასთან ერთად, საზღვარგარეთის ქვეყნების მაგალითების, ასევე, „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საქმიანობა გააგრძელოს საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში და ამავე დროს, მიენიჭოს განცალკევებული სამართლებრივი სტატუსი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით. ამასთან, ეროვნული ბიბლიოთეკის სახელწოდებაში, სამართლებრივ სტატუსზე მითითების გარდა, მსგავსად „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონისა, უნდა მიეთითოს, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა არის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა." - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.