ბათუმელ მედროშეს თურქეთისთვის გადაცემას უპირებენ - ზღვისპირა ქალაქში 24-საათიანი პროტესტი მიმდინარეობს
მოშიმშილე მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, ბათუმში 24-საათიანი პროტესტი მიმდინარეობს - საკონსტიტუციო სასამართლოსა და აჭარის ე.წ. მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მე-6 დღეა კარვებია გაშლილი.
დემონსტრანტები სოლიდარობას უცხადებენ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს, რომელიც რეჟიმს გისოსებს მიღმა ჰყავს გამოკეტილი.
ამასთან, პროტესტის ავანგარდში მოქცეული ადამიანები მხარდაჭერას უცხადებენ ბათუმის აქციების მედროშეს, თემურ ქათამაძეს, რომელიც შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრშია მოთავსებული და რომელიც მე-18 დღეა შიმშილობს.
ბათუმელი მედროშეს მეგობარი "პირველებთან" აცხადებს, რომ კაცს დეპორტაციისთვის ამზადებენ. მისივე თქმით, თუ "ოცნება" მას თურქეთის მხარეს გადასცემს, ამით მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება.
აპირებენ მედროშის ქვეყნიდან გაძევებას თურქეთში. მას თურქეთში საფრთხე ემუქრება იმიტომ, რომ თურქეთის რესპუბლიკისთვის ისინი განიხილავენ მას, როგორც სეპარატიზმის გამღვივებელ პიროვნებას მხოლოდ იმიტომ, რომ იბრძოდა იმისთვის, რომ იქ შენარჩუნებულიყო ეროვნული თვითშეგნება ქართველებში. თურქეთის რესპუბლიკა ასეთ ადამიანებს განიხილავს, როგორც საფრთხეს თავიანთი სახელმწიფოებრიობისთვის. არის საფრთხე, რომ მოიშორონ ფიზიკურად '', - ამბობს მოქალაქე.