მამხილებელი განცხადება საზმაუს საბჭოს სხდომაზე - არხის რეჟისორის თქმით, ფეხბურთისას ეთერში კობახიძის რაც შეიძლება ხშირად ჩვენებას სთხოვდნენ

03.02.25 21:28
მამხილებელი განცხადება საზმაუს საბჭოს სხდომაზე - არხის რეჟისორის თქმით, ფეხბურთისას ეთერში კობახიძის რაც შეიძლება ხშირად ჩვენებას სთხოვდნენ

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერის რეჟისორმა, კახა მელიქიძემ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე მამხილებელი განცხადება გააკეთა - კახა მელიქიძემ პირველი არხის ხელმძღვანელი პირები პარტიული ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა. 

კახა მელიქიძემ სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო მატჩების პირდაპირი ტრანსლირების დროს ტელევიზიის ხელმძღვანელი პირები მას ირაკლი კობახიძის ეთერში რაც შეიძლება ხშირად ჩვენებას სთხოვდნენ.

მეტიც, მისივე თქმით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის კადრის პირდაპირ ეთერში ჩვენების გამო ამავე პირებმა "დაიბარეს" და "აუხსნეს, რომ ეს არ იყო სწორი" - "ჩვენ ვართ პარლამენტზე დამოკიდებული და თუ არ ვიზამთ ისე, როგორც საჭიროა, შეგვიმცირებენ თანხებს და პრობლემები შეგვექმნებაო".

ფეხბურთი - პირველი თამაში, საბერძნეთამდე როდესაც იყო, მოვედით, ვემზადებოდით და თამაშის წინ დამირეკა, ხელმძღვანელების სახელებს ვიტყვი, რუსიკომ დამირეკა და მითხრა, კახა, ხომ იცი, მოემზადეო, რაც შეიძლება მეტი უნდა ვანახოთ ეთერში პრემიერმინისტრიო. მე ვუთხარი, რუსუდან, მაგას ვერ ვიზამ მეთქი, იმიტომ რომ არ მაქვს არანაირი უფლება და ვერ გადავწყვეტ მარტო მე, იმან მითხრა, რატომ ვერ გადაწყვეტო? ავუხსენი, რომ არსებობს UEFA-ს წარმომადგენელი ოფიციალური ადამიანი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს და ვთხოვე, დაუკავშირდით ამ ადამიანს და თუ ის იტყვის, რომ ანახე 5-ჯერ, ვანახებ 5-ჯერ, თუ მეტყვის არ ანახო, არ ვანახებ. ამის გადაწყვეტილებას მე ვერ მივიღებ თქო. დაურეკეს იმ ადამიანს, ის ადამიანი ყველაფერზე პასუხისმგებელია. [...]

ის ქალბატონი [UEFA-ს წარმომადგენელი] მოვიდა და მითხრა, ერთხელ ანახე, ჰიმნის დროს. ვანახეთ ეს, როგორც წესი, ჰიმნის დროს, მაგრამ იმის მერე კიდევ ითხოვდნენ, ითხოვდნენ, მესიჯებად, რუსუდანი იყო ჩემთან კონტაქტზე, მესიჯები შენახული მაქვს, დიახ, დასქრინული მაქვს. მერე ავდექი და რახან სახელმწიფო მეთაურებზე იყო - ერთი კადრი ვანახე პრეზიდენტის. დამიბარეს მერე ტელევიზიაში მე, პარასკევს, სახელებს არ ვიტყვი ვის ოთახში და ამიხსნეს, რომ ეს ჩემი გაკეთებული, რომ პრეზიდენტი ვანახე ეთერში, არ იყო სწორი, ეს დავალება ჩემთვის არ მოუციათ, ეს გადაწყვეტილება იყო არასწორი, არ ვიცი, რატომ.

მე ვუთხარი, თუ პრემიერი ჩვენი ქვეყნის მეთაურია, პრეზიდენტიც ჩვენი ქვეყნის მეთაურია. რატომ [მეთქი]? ამიხსნეს ასე - შენ ხომ არ გგონია, საზოგადოებრივ მაუწყებელში ვართ, ისევო. ჩვენ ვართ პარლამენტზე დამოკიდებული და თუ არ ვიზამთ ისე, როგორც საჭიროა, შეგვიმცირებენ თანხებს და პრობლემები შეგვექმნებაო", - თქვა კახა მელიქიძემ.

მსგავსი სიახლეები