ბადრი გრიგალაშვილი ნაცემია, სახეზე დაზიანებები ეტყობა - ჯაფარიძე
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებაში კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძეც ადანაშაულებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მისივე თანაგუნდელის, ბადრი გრიგალაშვილის დაკავების დეტალებს იხსენებს და "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ ახალგაზრდა კაცს ხელბორკილების დადების შემდეგ, დაკავების მანქანაში ნიღბიანები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მისივე ცნობით, ბადრი გრიგალაშვილს, რომელიც დღეს ადვოკატმა მოინახულა, სახის არეში დაზიანებები აღენიშნება.
ვიცით, რომ ბადრის დაკავების შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ისე აღმოჩნდა, რომ ბადრი მოხვდა იმ მინივენში, რომელიც სპეციალურად, ადამიანების საწამებლად აქვთ გამზადებული, სადაც სკამები აქვთ ამოღებული. ფოტოც არსებობს, სადაც ჩანს სხვა ორ დაკავებულ დემონსტრანტთან ერთად და მერე შიგნით შედიოდნენ ე.წ. სპეცრაზმელები, თუმცა კაცმა არ იცის, ვინ არის ეს შავებში ჩაცმული ხალხი, შავნიღბიანები. იქ იყო ფიზიკური ანგარიშსწორება, ნაცემი არის, სახეზე ეტყობა დაზიანებები. ჩელე იყო შესული, როგორც ადვოკატი და მოინახულა.
გუშინდელი დღე ზოგადად, რთული დღე იყო არ იყო მარტივი. მიუხედავად იმისა, რომ აქცია შედგა, მაგრამ ქცევა ამ შავოსანი ხალხის იყო განსხვავებული სხვა დღეებისგან. ისინი ასრულებენ ყველაფერს. თუ ეტყვიან, რომ ხალხი დახოცეთო, გამოვლენ და დახოცავენ ხალხს. ეს უკვე მივხდით, მაგრამ გუშინ გამოირჩეოდნენ, რომ ცინიკურები და გამომწვევი იყვნენ მთელი მსვლელობის განმავლობაში. აყენებდნენ ყველას შეურაცხყოფას. გამოწვევას ცდილობენ ხალხის, ალბათ ეგეთი დავალება ჰქონდათ'', - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.
ცნობისთვის, 2 თებერვალს, "თბილისი მოლთან" საპროტესტო აქცია გაიმართა. პოლიცია მოქალაქეებს ძალის გამოყენებით აკავებდა და მათ ფიზიკურად უსწორდებოდა. 2 თებერვალს აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 31 ადამიანი დააკავეს.