"დამაგდეს ძირს, მკრეს ხელი და ფეხით გადაიარეს ჩემზე" - იდენტიფიცირებულია "ხარებას" რაზმის კიდევ ერთი მსხვერპლი

03.02.25 23:03
"დამაგდეს ძირს, მკრეს ხელი და ფეხით გადაიარეს ჩემზე" - იდენტიფიცირებულია "ხარებას" რაზმის კიდევ ერთი მსხვერპლი

2 თებერვალს, "თბილისი მოლთან" გამართულ პროევროპულ აქციაზე საპოლიციო ძალების სასტიკი მოპყრობა პედაგოგმა თეონა ბექიშვილმა საკუთარ თავზე გამოცადა. 

პედაგოგმა გუშინ განვითარებული მოვლენები დეტალურად გაიხსენა და "ტვ პირველის" ეთერში მოყვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ხელი კრეს და სხეულზე ფეხებით გადაუარეს. 

თეონა ბექიშვილის ცნობით, შავნიღბიანებს მისი დაკავების მცდელობაც ჰქონდათ, თუმცა ადგილზე შეკრებილმა ხალხმა პედაგოგი ვახტანგ გომელაურის უწყების თანამშრომლების კლანჭებიდან დაიხსნა. 

გუშინ, ვიდექით თბილისი მოლის ქვემოთ საკმაოდ მჭიდროდ, თუმცა მერე კიდევ უფრო შეგვამჭიდროვა პატრულმა და ასეთი გამხეცებული პატრული იშვიათად მახსოვს. თავიდან, ფორმალურად ინარჩუნებდნენ იმ სახეს თითქოს წესრიგის დასაცავად იყვნენ მოყვანილი და გუშინ ეს არ იყო. გუშინ, თავიდანვე ცხადი იყო, რომ ისინი ძალადობისთვის იყვნენ იქ. ისედაც შევიწროებულები ვიყავით და მერე საერთოდ ჭყლეტაში მოგვაქციეს. ხალხი იყო საოცრად სოლიდარული ერთმანეთის მიმართ. ამასობაში მოვიდა ბატონი ზვიად ხარაზიშვილი და დაიწყო ჩვენი რუპორით გინება, რაზეც ესენი კიდევ უფრო მეტად გაცოფდნენ და გული მიეცათ და მოუნდათ ეჩვენებათ, როგორი მაგარი ბიჭები იყვნენ.

დამაგდეს ძირს, მკრეს ხელი, ფეხით გადაიარეს ჩემზე. მერე უკვე ხალხი გადამეფარა. პოლიციამ ხელი რომ გამომიწოდა, მეგონა მაყენებდა. ახლა მეცინება ჩემს მიამიტობაზე, მე ვერ მივხდი, რომ ისინი მაპატიმრებდნენ. ამას მიხვდნენ იქ მყოფი ადამიანები და გამოსტაცეს ჩემი თავი. ახლა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, მაქვს დაბეჟილობები'', - ამბობს თეონა ბექიშვილი.

ცნობისთვის, 2 თებერვალს, "თბილისი მოლთან" საპროტესტო აქცია გაიმართა. პოლიცია მოქალაქეებს ძალის გამოყენებით აკავებდა და მათ ფიზიკურად უსწორდებოდა. 2 თებერვალს აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 31 ადამიანი დააკავეს.     

მსგავსი სიახლეები