პოლიციელების მიერ ნაცემი აქტივისტი საკუთარ პროცესს ვერ დაესწრო - ადვოკატის თქმით, დავით ლომიძე "საწოლიდან ვერ დგება"

04.02.25 13:42
პოლიციელების მიერ ნაცემი აქტივისტი საკუთარ პროცესს ვერ დაესწრო - ადვოკატის თქმით, დავით ლომიძე "საწოლიდან ვერ დგება"

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა თემურ ზასოხაშვილის და დავით ლომიძის საქმის არსებით განხილვა გადადო. მიზეზი პენიტენციურიდან გამოგზავნილი ოქმი გახდა, რომლის მიხედვითაც ბრალდებული დავით ლომიძე სასამართლო პროცესზე დასწრებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უარს აცხადებდა. 

თავის მხრივ, ლომიძის ადვოკატმა განაცხადა, რომ დაკავებულს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს და ის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული. უფლებადამცველის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საწოლიდან კი ვერ დგება, მიზეზი კი აქციის დროს გომელაურის რაზმის თანმშრომლების მიერ გამოყენებული არაპროპორციული ძალაა, რის შემდეგაც ლომიძეს ნაოპერაციები გაურთულდა. 

ფორმალურად, სასამართლოში მოვიდა წერილი, სადაც დავით ლომიძე აცხადებდა, რომ არ სურდა, როგროც დისტანციურად ჩართვა, ასევე სასამართლოში გამოცხადება. პენიტენციური დაწესებულებიდან მოტანილ წერილში ასევე აღნიშნული იყო, რომ ეს ადამიანი გადაყვანილი არის მე-18 დაწესებულებაში, სამედიცინო დაწესებულებაა ისევ და ისევ ციხის ტერიტორიაზე. მისი მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ, როგროც ჩვენთვის არის ცნობილი, იგი გადაჰყავდათ 2 დღის წინ საპატიმრო დაწესებულებიდან კერძო კლინიკაში, მაგრამ ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზის გამო უკან მიაბრუნეს. უჩიოდა ტკივილებს ფეხისა და ხერხემლის არეში. მას მერე ამ ადამიანს უფრო დაუმძიმდა მდგომარეობა და იმასაც კი ვერ ახერხებდა, რომ ჩემთან გამოსულიყო და უშუალოდ შემხვედროდა. მიზეზი არის ნაოპერაციები, რომელიც წლების წინ ჰქონდა გაკეთებული და როცა მისი დაკავების პროცესში და არა მარტო მასზე, როდესაც განხორციელდა ძალადობა, გამოიწვია ნაოპერაციები ჭრილობის გამწვავება. ეს ადამიანი საწოლიდანაც ვერ დგება და თანამესაკნესგან ვიცით, რომ როდესაც საპირფარეშოში გადის, ხშირ შემთხვევაში, ისინი ეხმარებიან. 

რეჟიმის პატირმებს პროკურტურა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის დამზადებას და სროლას ედავება, თუმცა, ადვოკატების თქმით, მტკიცებულებების გარეშე. 

უფლებადამცველის განცხადებით, საქმეში არის ვიდეოჩანაწერი, სადაც გაურკვეველი პირები  ცეცხლმოკიდებულ ნივთს ისვრიან , თუმცა იდენტიფიცირება შეუძლეებლია.

ორი პირდაპირი მტკიცებულებაა, საუბარია ფოტოზე და სწორედ აღნიშნულზე არის დაყრდნობილი მთელი სისხლის სამართლის საქმე. ვიდეოჩანაწერებზე არ არის დანიშნული ექსპერტიზა, იმიტომ, რომ ეტყობა, ვერ ხდებოდა იდენტიფიცირება", - ამბობს ზასოხაშვილის ადვოკატი. 

  •  დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი პირველ დეკემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პარალელურად, სასამართლო პროცესების ჩანიშვნას ელოდებიან ის დაკავებული აქტივისტები და პოლიტიკოსებიც, ვინც შაბათს, 2 თებერვალს, რეჟიმის პოლიციამ ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი იზოლატორებში გამოკეტა.

მსგავსი სიახლეები