მოსამართლე ჯინჯოლიამ გიორგი კუჭუაშვილს 4 წლით, ხოლო დავით კოლდარს 2 წლით და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა

04.02.25 14:55
მოსამართლე ჯინჯოლიამ გიორგი კუჭუაშვილს 4 წლით, ხოლო დავით კოლდარს 2 წლით და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა

სადამსჯელო ოპერაცია რუსული კანონის  მოწინააღმდეგეების მიმართ - მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ 2024 წლის გაზაფხულის აქციების დროს დაკავებულები დამნაშავედ ცნო და ციხეში გაუშვა.

ჯინჯოლიამ გიორგი კუჭუაშვილს 4 წლით, ხოლო დავით კოლდარს 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კუჭუაშვილი, რომელსაც ბრალად პოლიციელზე თავდასხმა ედება, ბრალს ნაწილობრივ აღიარებს და გარკვეულ ქმედებას ადასტურებს, თუმცა, აცხადებს, რომ ის პოლიციელს თავს არ დასხმია. ადვოკატი მუხლის კვალიფიკაციას არ ეთანხმება.

ლაშა ცუცქირიძის განმარტებით, ბრალდებულმა ნახევრად ცარიელი „პლასტმასის“ ბოთლი, რომელიც ძირს ეგდო, აიღო და ისროლა, რომელიც გდდ-ს თანამშრომელს სახეში მოხვდა, თუმცა მისი მოქმედება ვერანაირად ვერ შეფასდება, როგორც პოლიციელზე თავდასხმა. 

დავით კოლდარი და გიორგი კუჭუაშვილი 12 მაისს დააკავეს.

კოლდარს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. კერძოდ კი, საპატრულო ეკიპაჟის მანქანის დაზიანებას. ის წარდგენილ ბრალდებას სრულად აღიარებს.

კუჭუაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები