ოკმელაშვილის მეუღლე ამბობს, რომ ადვოკატი გამყრელიძე საპროცესო შეთანხმებას “ლიმონის“ დამფუძნებელსაც სთავაზობდა
“ქართული ოცნება“ ახალ სკანდალში ეხვევა - სინდისის პატიმრებს ციხეში ერთმანეთის მიყოლებით აკითხავენ და დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ, გათავისუფლებას ჰპირდებიან.
“პირველებმა“ რამდენიმე წუთის წინ ჩაწერა გიორგი ოკმელაშვილის მეუღლე, რომელმაც დაადასტურა, რომ ადვოკატი დავით გამყრელიძე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას სარეკლამო კომპანია “ლიმონის“ დამფუძნებელსაც სთავაზობდა.
კომუნიკაცია პატიმრის ოჯახსა და ადვოკატს შორის ოკმელაშვილის განაჩენამდე ერთი კვირით ადრე შედგა.
ერთი კვირით ადრე დამიკავშირდნენ, სასამართლო გვქონდა 25 რიცხვში, მე წინა დღეს დავუკავშირდი, მაინტერესებდა, რას შემომთავაზებდა. მან მითხრა, რომ ძალიან სტკივა გული ამ პატიმრების გამო და უნდა, რომ დაგვეხმაროს. მე ვიქნები თქვენი ადვოკატი, ძველი ადვოკატი ჩამოიშორეთ და იქნებ ხვალინდელი სხდომა გადადოთ, რომ მერე მე ჩავერთოო. რაღაც კონკრეტული გარანტიები მაქვს, რის მიხედვითაც შემძლია ეს გავაკეთო და შევასრულოო. უბრალოდ, მითხრა, რომ რაღაცა შეიძლება შევთავაზოთ, მხოლოდ აღიარების შემდგომ და ეს იქნებოდა გარკვეული დრო და პერიოდი“, - განაცხადა ოკმელაშვილის მეუღლემ.
ადვოკატი, დავით გამყრელიძე “პირველებს“ უდასტურებს, რომ ოკმელაშვილის ოჯახის წევრებთნ კომუნიკაცია ნამდვილად ჰქონდა, თუმცა მათ მისი რჩევა არ გაითვალისწინეს და 5 -წლიანი სასჯელი მიიღეს.
ოკმელაშვილთან იყო რაღაც შემხებლობა, ვურჩიე რაღაც, მაგრამ არ გაითვალისწინეს და კი მისცეს 5 წელი, აგერ. მე არ შევხვედრივარ, თვითონ დამირეკა მეუღლემ და რჩევა მივეცი, მაგრამ არ გაითვალისწინეს“, - უთხრა „პირველებს“ გამყრელიძემ.
მისი თქმით, ეს კანონდარღვევა არაა და ოჯახის წევრი კი არა, ყველაფერს თავად ბრალდებული წყვეტს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ადვოკატ გუჯა ავსაჯანიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ ნიკოლოზ ჯავახიშვილთან, ოჯახთან შეუთანხმებლად, ადვოკატი დავით გამყრელიძე შევიდა, რომელიც ჯავახიშვილს დანაშაულის აღიარებას სთხოვდა.
ამავე თემაზე:
- ზეწოლა მოშიმშილე პატიმარზე-შეგზავნილი ადვოკატი ჯავახიშვილს დანაშაულის სხვა პირებისთვის გადაბრალებას სთხოვდა
- შემოგზავნილი ადვოკატი მარწმუნებდა, რომ მეღიარებინა ის დანაშაული, რომელიც არ ჩამიდენია - ნიკოლოზ ჯავახიშვილი