"რეჟიმის პასუხი იყო და დაშინების მცდელობა" - გაბიტაშვილი მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე

11.02.25 13:25
"რეჟიმის პასუხი იყო და დაშინების მცდელობა" - გაბიტაშვილი მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე

ლაშა გაბიტაშვილი, რომელმაც ინგოროყვას კლინიკა ხელწერილის საფუძველზე ცოტა ხნის წინ დატოვა, მასზე განხორციელებულ თავდასხმას "რეჟიმის პასუხად" აფასებს. აქტივისტის თქმით, ის, რაც დღეს დილით მოხდა, აბუ დაბის სკანდალის გაგრძელებაა.

გაბიტაშვილი ფიქრობს, რომ რეჟიმი ახლა იმ მოქალაქეების დაშინებას ცდილობს, ვისაც მათგან განსხვავებული აზრი აქვს და აქციებზე დადის.  

ეს არის აბუ დაბის გაგრძელება. უბრალოდ, ეს პერსონალურად იმ ხალხის, ვინც ჩემთან ერთად კაპეზეზე იყვნენ, არ მგონია. უფრო ეს არის რეჟიმის პასუხი ყველა ისეთი ადამიანის მიმართ, რომ დაიცვან თავიანთი რეჟიმის წევრები და დააშინონ მეორეს მხრივ, ადამიანების, რომ თუ რამეს გაბედავ, რომელიც ჩვეულებრივი ამბავი იყო, რომ მოსაკითხად მივედი აბუ დაბიში დეპუტატებთან, რომ მიმდინარე ამბებზე პასუხისმგებლობა აეღოთ და მეკითხა თუ რა იქნებოდა, შესაბამისად, ახლა რეჟიმი ცდილობს, დააშინოს ყველა ის ადამიანი, ვისაც ასეთი შეკითხვები გაუჩნდება. ეს ყველაფერი ზეწოლაა, უნდათ, ხალხი გატეხონ, რომ არ გავიდნენ აქციებზე. გამოძიების იმედი, როგორც წინა შემთხვევებიდან, სხვადასხვა ქეისებიდან გამომდინარე არ იყო შედეგი, ახლაც არ ველოდები შედეგს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე პროცედურულად მივყვები, - ამბობს გაბიტაშვილი.  

შეგახსენებთ, რომ ლაშა გაბიტაშვილს დღეს დილით სამი ნიღბიანი თავს სახლთან, იმ დროს დაესხა, როცა ის ძაღლს ასერინებდა. ის ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, რომელიც მან ხელწერილის საფუძველზე რამდენიმე წუთის წინ დატოვა. 

მომხდარს აბუ დაბის სკანდალის მონაწილე "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუაც გამოეხმაურა, რომელიც ამტკიცებს, რომ თავდასხმასთან კავშირი არ აქვს. 

უზნაძის ქუჩაზე, სადაც ლაშა გაბიტაშვილს დღეს დილით თავს დაესხნენ, კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველები "პირველებს " უდასატურებენ, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო, თუმცა არ ამბობენ, ამოიღებულია თუ არა ადგილზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

13 იანვარს "ოცნების" დეპუტატები ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად აბუ დაბიში გაუსწორდნენ. წინა დღეს აქტივისტმა მათ "მონები" და "რუსები" ეძახა.