“სანამ ვიცოცხლებ, მაგ საქმეს ბოლომდე გავყვები და ჩემი შვილი რომც გამოუშვან, არ გავჩერდები“- საბა სხვიტარიძის დედა
სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის დედა, ელენე ახობაძე ამბობს, რომ მისი შვილის ისტორია დღეს მოისმინა და “მისთვის დიდი შოკი და დარტყმა იყო.“
ელენე ახობაძე პირობას დებს, რომ ის “ამ საქმეს ბოლომდე გაყვება, ე.წ. ხელისუფლებას არ აპატიებს და არ გაჩერდება.“
“ვპირდები ყველას, არ ვაპატიებ, აუცილებლად, სანამ ვიცოცხლებ, მაგ საქმეს ბოლომდე გავყვები, ჩემი შვილი დღესვე რომ გამოუშვან, არ გავჩერდები“, - თქვა მან გადაცემა “რეაქციაში“.
ჩვენ ჯერჯერობით თავს ვიკავებთ, ვჯდებით კანონის ჩარჩოებში და ვცდილობთ, რომ ეს შევინარჩუნოთ, ვუყურებთ ევროპას, ამერიკას, რითი დაგვეხმარება და როგორ. ალბათ, ერთ მშვენიერ დღეს, თუ ეს ყველაფერი ფუჭი იქნება, განმეორდება 90 -იან წლები. ხელისუფლებას არ ეგონოს, რომ მე როგორც ერთი მოქალაქე და გამწარებული დედა რუსთაველს დავთმობ, ასეა თითოეული ჩვენგანი, ველოდებით ჯერ და კანონს არ ვცდებით. ამას ვითხოვ ე.წ. ხელისუფლებისგანაც, რომ გონს მოეგონ და უკან გადადგან ნაბიჯები, ვიდრე, ბოლომდე დასვრილი არ აქვთ და უკან დასახევი დარჩენილი აქვთ. რატო გადაგვარდნენ ასე, ჩემი შვილი გავზარდე, როგორც ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი და უკაცრავად და ქათმებისკენ, როგორც ჩემ შვილს პირდებიან, მაგათ არ მოუწიოთ. ვერ შემაშინებენ, იმდენად გამაბრაზეს, რომ შიშის შეგრძნება მომპარეს და წამართვეს. ჩემი შვილი უდანაშულოა და არავის დავუთმობ.
ძალიან შორს წავა მაგათი ცუდი საქციელი და ცუდი განაჩენით დასრულდება და ცოდოები არიან. მეცოდებიან, იმდენად ცუდი რამე ელოდებათ, საკუთარი შვილებ გასცემენ მაგათ პასუხს“, - განაცხადა ელენე ახობაძემ.