ბაჩიაშვილის საქმე - "დღეს იყო სამხარაულის დასკვნა, რომელმაც ვერ იცნო ჩემი და ივანიშვილის ხმა ჩანაწერში"

12.02.25 12:30
ბაჩიაშვილის საქმე - "დღეს იყო სამხარაულის დასკვნა, რომელმაც ვერ იცნო ჩემი და ივანიშვილის ხმა ჩანაწერში"

გიორგი ბაჩიაშვილის საქმე - გახმაურებული პროცესი დღეს წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. აღნიშნულ საქმეზე სასამართლოსთვის ჩვენების მისაცემად ემზადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა. ის ერთ-ერთი ბოლო მოწმე იქნება, რომელიც ბაჩიაშვილის საქმეზე გამოიკითხება. 

გიორგი ბაჩიაშვილი ყურადღებას ერთ გარემოებაზე ამახვილებს. მისი თქმით, პროკურატურამ პროცესზე წარადგინა სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც რომელმაც ვერ იცნო მისი და ივანიშვილის ხმა ჩანაწერში.

ბაჩიაშვილის თქმით, აღნიშნული აუდიოჩანაწერი უკვე გაიგზავნა გერმანიაში ექსპერტიზაზე და რეალური პასუხი ცნობილი მალე გახდება. 

ეს არ არის დასკვნითი ფაზა. დასკვნით ფაზას უახლოვდება მხოლოდ ბრალდების მხარის მოწმეების და მტკიცებულებების გამოკვლევა. დარჩენილია ნათია თურნავა, რომელიც უნდა მოვიდეს და გააკეთოს განმარტება, თუ რის საფუძველზე დაასკვნა მან, რომ ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდა ინვესტორი 8 წლის შემდეგ.

ერთ საინტერესო გარემოებაზე მინდა მივიპყრო ყურადღება: დღეს სასამართლო დარბაზში პროკურატურამ წარმოადგინა სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა. მოგეხსენებათ, ეს არის ივანიშვილის კიდევ ერთ-ერთი ინსტიტუტი, რომელიც სრულიად მის ხელთ არის არსებული და ამ დაკსვნის აბსურდულობაში რა წერია: თავიდან წერია, რომ ეს არის მონტაჟი, დაჭრილია და არ არის ავთენტური, თუმცა იგივე ექსპერტები ამბობენ, რომ მათ ვერ მოახერხეს მოსაუბრეების ხმების ამოცნობა. ჩვენ იმედია, ძალიან მალე სასამართლოზე გამოვიტანთ ამ აუდიოჩანაწერს და მემგონი, ექსპერტი არ სჭირდება იმას, რომ ამოიცნოს თუნდაც ჩემი ან ბიძინა ივანიშვილის ხმა. ასევე ტარდება გერმანიაში უკვე ნამდვილი საექსპერტო ბიუროს მიერ გამოკვლევა ამ აუდიოჩანაწერის და ძალიან მალე გვექნება უკვე კვალიფიციური პასუხი, თუ რამდენად ავთენტურია ეს აუდიოჩანაწერი, - ამბობს ბაჩიაშვილი.

თანაივესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი სასამართლო პროცესს ცირკს უწოდებს. მისი თქმით, ივანიშვილი თურნავას დახმარებით ცდილობს, საქმეში თითქოს "დამოუკიდებელი" უწყება ჩართოს. ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ოლიგარქს მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვს, თუმცა ცდილობს, ისე წარმოაჩინოს, თითქოს ბიტკოინების საქმეზე ინვესტორი თავად იყო. 

საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. როგორ გაგრძელდება სასამართლო პროცესი ცნობილი ცოტა ხანში გახდება.

  • გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. რაც შეეხება ბაჩიაშვილის პოზიციას, როგორც მან განაცხადა, დანაშაული არასდროს ჩაუდენია და მისთვის გაურკვეველია, რატომ არის ამ პროცესში.