ბრალს არ ვაღიარებ, არანაირ თანამშრომლობას არ ვაპირებ არც სასამართლოსთან და არც პროკურატურასთან - მუსელიანცის სიტყვა სასამართლოზე
დღეს მოსამართლე გიორგი არევაძემ არჩილ მუსელიანცის საქმეზე მხარეების შესავალი სიტყვა მოისმინა. დღეს პროცესზე სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმაც, რომელსაც რეჟიმი პარლამენტთან დამონტაჟებული ვიდეოკამერებისთვის ცეცხლის წაკიდებას და მის დაზიანებას ედავება.
24 საათი ვიყავი ქვეყნის სამსახურში, პირდაპირი მნიშვნელობით - არანაირი ანაზღაურებით! - ასე უპასუხა ბრალდებულმა არჩილ მუსელიანცმა მოსამართლის შეკითხვას, თუ რას საქმიანობდა ის და საქმიანობაში იღებდა, თუ არა ანაზღაურებას.
მუსელიანცი, რომელიც მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დააკავა პოლიციამ, წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
„მიმაჩნია ბრალდება არის აბსურდული და პოლიტიკურად მოტივირებული. მომავალში დავრწმუნდებით, რომ ის პროცესები, რაც მიმდინარეობს, არის უსამართლო და არის რეჟიმის წამქეზებლების მიერ.
მე ბრალს არ ვაღიარებ და არანაირ თანამშრომლობას არ ვაპირებ არც სასამართლოსთან და არც პროკურატურასთან. მე სხდომაზე გამოვცხადდები“, - განაცხადა არჩილ მუსელიანცმა.
რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას, პროკურატურის მტკიცებით საქმეში არსებობს მტკიცებულება, რაც მუსელიანცის ბრალეულობას ადასტურებს. დაცვის მხარის განმარტებით, კი მტკიცებულებები არარელევანტურია და მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შემხებლობაში არ არის.
შეგახსენებთ, არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში, აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში არჩილ მუსელიანცს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.