"გამარჯვება თქვენ და თქვენნაირ დამოუკიდებელ ჟურნალისტებს" - აფგან სადიგოვის მიმართვა მზია ამაღლობელს

12.02.25 16:20
"გამარჯვება თქვენ და თქვენნაირ დამოუკიდებელ ჟურნალისტებს" - აფგან სადიგოვის მიმართვა მზია ამაღლობელს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და რედაქტორი აფგან სადიგოვი, რომელიც 145 დღეა ციხეში შიმშილობს, მზია ამაღლობელს წერილით მიმართავს.

აფგან სადიგოვის წერილს გამოცემა „მედიაჩეკერი“ ავრცელებს.

"ძვირფასო ჟურნალისტო, ქალბატონო მზია. მოგესალმებით და სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ. ამ მართალ, ღირსეულ და ჭეშმარიტ გზაზე სიარული კვლავაც გააგრძელეთ გამბედავად ისევე, როგორც ამას აქამდე მიზანსწრაფულად და ღირსეულად აკეთებდით. 

გამარჯვება თქვენ და თქვენნაირ დამოუკიდებელ, შეუქცეველ, უდრეკ და სიმართლისმოყვარე მედიის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს! 

დიქტატურის ზღურბლზე მდგარ და დიქტატურის საზიზღარ გზაზე მჩოჩავ საქართველოს მთავრობას კი ამ მცდარი გზიდან უკან მობრუნებისკენ, დაწყებული რეპრესიების შეწყვეტისკენ, თუკი ხალხის ერთგულებითა და დემოკრატიით მსახურება არ ძალუძს, მაშინ გადადგომისკენ მოვუწოდებ. მოვითხოვ, ჟურნალისტ ქალბატონი მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!

ქალბატონო მზია, როგორც აზერბაიჯანის ლეგენდარული მხედართმთავარი ბაბექი ამბობს: „40 წელი უღელქვეშ ხოხვას, ერთი დღით თავისუფლად ცხოვრება უფრო ღირსეულია, აღმატებულია“. ნათქვამია სადიგოვის მიმართვაში. 

თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელიც 4 თვეზე მეტია შიმშილობს, ექსტრადიციის რისკის წინაშე დგას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია. 2 თებერვლიდან სადიგოვმა აბსოლუტური შიმშილობა გამოაცხადა.