მოსამართლე ცეკვავამ ომარ ოკრიბელაშვილის მამა 3500 ლარით დააჯარიმა
მოსამართლე ზვიად ცეკვავამ, ომარ ოკრიბელაშვილსი მამა, გიორგი ოკრიბელაშვილი რომელიც 10 თებერვლის ღამეს პოლიციამ რუსთაველის გამზირზე დააკავა, 3500 ლარით დააჯარიმა და ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლა.
გიორგი ოკრიბელაშვილის თქმით, რამდენიმე დღის წინ მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა აქციებზე დაპატიმრებულთა მშობლების შეკრებაზე.
„მე და ჩემი მეუღლე ვიყავით აქციებზე დაპატიმრებულთა მშობლების შეკრებაზე. აღელვებული ვიყავი. იქიდან რომ მივდიოდით მე, ჩემი მეუღლე და კიდევ ერთი მშობელი ხელებს ვიქნევდი. სწორედ ამ დროს, ხელების ქნევაზე, მე თვითონაც ვერ გავიგე რა ხდებოდა, უცებ დამესხნენ და თავი ამოვყავი მანქანაში. მითხრეს, შეურაცხყოფას გვაყენებდიო და ამ დროს, მეუღლე ველაპარაკებოდი ხელებით. ანუ პირადი საუბარი მქონდა ოჯახის წევრთან.
სიმართლე გითხრათ, სასამართლოსგან ველოდებოდი მაქსიმალურ ჯარიმას 3500-ლარიდან 6000 ლარამდე, ან 2 თვიან პატიმრობას, მაგრამ გაითვალისწინა ჩემი შვილის, ოჯახის მდგომარეობა და მხოლოდ 3500 ლარით დამაჯარიმა”, - განაცხადა გიორგი ოკრიბელაშვილმა.
- შეგახსენებთ, რომ უწყევტი პროტეტის 75-ე დღეს პოლიცია ხალხს გზის გადაკეტვის შესაძლებლობას არ აძლევდა, რასაც დაკავების და ძალადობის მთელი სერია მოჰყვა.
ცნობისთვის, ომარ ოკრიბელაშვილი "ჯებირების საქმის" ერთ-ერთი ბრალდებულია.
- ომარ ოკრიბელაშვილს და საბა მეფარიშვილს სასჯელის სახედ 3 წელი განესაზღვრათ, რაც ამნისტიით 2,5 წელი გახდა. აქედან ერთი წელი პირობით სასჯელად ჩაითვალა, ხოლო წელიწად-ნახევარი - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად. ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი 8 თვეა სასჯელს იხდიან, შესაბამისად, ისინი პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ 10 თვეს გაატარებენ.
შეგახენებთ, რომ 20 და 23 წლის ახალგაზრდები სამართალდამცავებმა 14 მაისს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს.