ცეცხლი არ უნდა ეკიდოს დევნილებს, ცეცხლი უნდა ეკიდოს ოლიგარქიას! - კახა კინწურაშვილი

12.02.25 18:19
ცეცხლი არ უნდა ეკიდოს დევნილებს, ცეცხლი უნდა ეკიდოს ოლიგარქიას! - კახა კინწურაშვილი

დევნილები  უსამართლო საბინაო პოლიტიკის წინააღმდეგ -  ამ წუთებში, პროტესტია დევნილთა სააგენტოსთან.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები "ქართული ოცნების" უყურადღებობას აპროტესტებენ, რის გამოც, დევნილთა თქმით, 44 წლის დევნილმა ზამირ კვეკვესკირმა თავი დაიწვა.

ადგილზე იმყოფებიანსამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ხელოვანი ადამიანებიც. 

ცოტა ხნის წინ ადგილზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა კახა კინწურაშვილმა, რომელიც აფხაზეთიდან დევნილია.

ცეცხლი არ უნდა ეკიდოთ დევნილებს, ცეცხლი უნდა ეკიდოს ოლიგარქიას - განაცხადა მსახიობმა. 

დევნილი უნდა ყოფილიყო ჩუმად, უნდა ყოფილიყო მხოლოდ ელექტორატი და მას სხვა უფლებები არ უნდა ჰქონოდა ქვეყნის განვითარების ისტორიაში. ნელ-ნელა ვიკრებთ ძალას და ეს ძალიან მახარებს. ფაქტია, რომ სიტყვა ლტოლვილი ნელ-ნელა ქრება ჩვენს საზოგადოებაში და გვერქმევა დევნილი. რამდენად სასიხარულოა არ ვიცი, მაგრამ შეიძლება დავჯერდეთ.

ახალგაზრდა კაცმა წეღან გადაგვიღო ვიდეო. მე უბრალოდ მაინტერესებს, ვის გადაუღეთ ვიდეო, რა გაინტერესებთ. რამდენი ტრაგედიის ნახვა სურთ ძალოვანებს. მე პირადად გამიმართლა ცხოვრებაში და არ მომიწია დევნილთა სამინისტროს წინ თავის დაწვა. ეს ფაქტი, სამწუხაროდ, არ არის პირველი, მაგრამ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ეს იყოს უკანასკნელი.

დღეს ეს შენობა ცარიელია თანაგრძნობისგან, სოლიდარობისგან. ის სავსეა უსამართლობით და კორუფციით. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. ამ ყველაფერს დაასრულებს ჩვენი ერთობა, ხალხის ჩართულობა და საზოგადოების ფეხზე დგომა, რისი იმედიც მე ძალიან მაქვს. ჩემმა დეიდაშვილმა აღნიშნა, რომ დევნილებს ცეცხლი აღარ უნდა ეკიდოთ. ცეცხლი უნდა ეკიდოს ოლიგარქიას", - განაცხადა კახა კინწურაშვილმა.