ოფშორების კანონი ივანიშვილს მისი ნახატების კოლექციის შემოსატანად სჭირდებოდა - ბაჩიაშვილი
ნახევარი მილიარდის ნახატების იმპორტი საქართველოში - გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ოფშორების კანონი ოლიგარქს სწორედ პირადი ნახატების კოლექციის შემოსატანად სჭირდებოდა.
- 2024 წელს "ქართული ოცნების" პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც აქტივები, რომლებიც არის ოფშორული კომპანიების საკუთრებაში, საქართველოში გადმოტანის გადასახადებისგან თავისუფალია.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორი ფართო მასშტაბის კორუფციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ აღნიშნული იმპორტით ივანიშვილმა დაახლოებით 300 მილიონი დოლარის თანხა ამოაცალა ქართველ ხალხს, გადასახედების გადამხდელებს ჯიბიდან.
ოფშორების კანონი არანაირად არ ემსახურებოდა რაიმე უცხოური ინვესტიციების შემოსვლას, ეს ივანიშვილს სჭირდებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი პირადი ნახატების კოლექცია შემოეტანა საქართველოში. ახლა ცნობილი არის დოკუმენტურადაც, რომ სხვა ივანიშვილის გარდა მილიარდზე მეტის ნახატებს არ შემოიტანდა ჩვენს ქვეყანაში. დაახლოებით, 300 მილიონი დოლარის თანხა ამოაცალა ქართველ ხალხს, ქართველ გადასახედების გადამხდელებს ჯიბიდან. ეს არის დღგ-ს თანხა შემოტანაზე. ეს არის ამ ოფშორების კანონის მიხედვით მოხსნილ ქონების გადასახადზე. ანუ ამ ნახატების 1% რაც არის, აღარ იქნება გადასახადი ყოველწლიურად და ასევე მოგების გადასახადი ამ ნახატების რეალიზაციიდან. ეს არის პირდაპირ უზარმაზარი მასშტაბის კორუფცია. ასეთი მასშტაბის კორუფცია საქართველოში შევარდნაძის და ასლან აბაშიძის დროს არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ეს არის მანიპულაცია. არანაირ ეკონომიკურ ზრდას არ გამოიწვევდა ერთი საცავიდან მეორე საცავში ივანიშვილის პირადი ნახატების გადმოტანა".- ამბობს ბაჩიაშვილი.
მილიარდების შემდეგ, ბიძინა ივანიშივლმა ხელოვნების ნიმუშების გადამალვა დაიწყო - ფინანსთა სამინისტროს იმპორტის ოფიციალური მონაცმებით კი ირკვევა, რომ 2025 წლის იანვარში საქართველოში მხოლოდ, დიდი ბრიტანეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სამ ნაწილად, 480 658 330 აშშ დოლარის ღირებულების ნახატები შემოვიდა.
შემოტანილი ხელოვნების ნიმუშების წონა 6 ტონას აჭარბებს, ამაში შედის ნახატების შეფუთვა და დამცავი კონსტრუქციები.