ჯარიმის გადახდას არ ვაპირებ, გავასაჩივრებ! მოსამართლეს გამოვააშკარავებ, მოვა მათი პასუხისმგებლობის დროც - "ტვ პირველის" ოპერატორი

20.02.25 19:44
ჯარიმის გადახდას არ ვაპირებ, გავასაჩივრებ! მოსამართლეს გამოვააშკარავებ, მოვა მათი პასუხისმგებლობის დროც - "ტვ პირველის" ოპერატორი

 

 

"ტვ პირველის" ოპერატორი, რომელიც სანქცირებულმა მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 2500 ლარით დააჯარიმა, ჯარიმის გადახდას არ აპირებს.

ლაშა ჯიოშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს. 

მოსამართლეს გამოვააშკარავებ, მოვა მათი პასუხისმგებლობის დროც - აცხადებს ჯიოშვილი და ამბობს, რომ რუსთაველსი გამზირზე ქვეყნის მომავლისთვის ისევ გავა. 

"ტვ პირველის" ოპერატორი დარწმუნებულია, რომ არა მისი სამსახურებრივი მდგომარეობა, რეჟიმი უფრო მკაცრად დასჯიდა. 

კიდევ გავიმეორებ, არ დავუტოვებ საბრძოლველს რუსთაველზე. მშვიდობა საქართველოს. მარად და ყველგან იქნება ჩემთვის უპირველესი საქართველო. ჯარიმის გადახდას არ ვაპირებ. გავასაჩივრებ. ამ პოლიციელებს კიდევ ვატარებ. მოსამართლეს გამოვააშკარავებ და ვანახებ ყველას, რომ ეს ადამიანები ცრუობენ. მოვა მათი პასუხისმგებლობის დროც.

რაც შეეხება მოწმე პოლიციელებს, მეორე რომელიც შემოვიდა, ჩემი დამკავებელი კი არა, საერთოდ იქ არც ყოფილა. ის ადამიანი მე რუსთაველზე დავინახე, სამოქალაქო ფორმით დადიოდა რუსთაველის გამზირზე. მანქანაში პირველი მოწმე, კი ბატონო. თვალები დასამახსოვრებელი აქვს და მეჯდა გვერდით. 

თუ ეს ადამიანები ასეთი მართლები იყვნენ, მანქანაშიც არ ჩამოუხსნიათ ნიღბები. როდესაც გაიგეს, რომ მე ვიყავი "ტვ პირველის" ოპერატორი, იმ წამიდან ლაპარაკიც კი შეწყვიტეს, რომ შემდეგ ხმითაც არ ამომეცნო ეს ადამიანები.

შეწყვიტეს საუბარი, მიმიყვანეს პოლიციაში, დამსვეს კამერების წინ. ლამის ყავაც კი მომიდუღეს. წყალი ხომ არ გინდა, სიგარეტს ხომ არ მოწევ. მე მაგათი წყალი არ დამილევია, სიგარეტიც ჩემი მოვწიე. შემდეგ ვიჯექი კამერების ქვეშ და ზაზა უფროსი გასცემდა მითითებებს, პოლიციის ფორმები ჩაიცვითო.

ამ დროს "ტვ პირველის" ეთერში ვხედავდი, როგორ რეკავდნენ იურისტები იმ განყოფილებაში, სადაც ვიჯექი, მაგრამ ესენი იტყუებოდნენ უსინდისოდ, რომ მე იქ არ ვიყავი. კი, მე იქ ვიყავი. უბრალოდ ამ დარეკვის შემდეგ, მიმსვეს კუთხეში, რომ არ დავენახე კამერებს და ჩააცვეს შემდეგ ფორმები. 

დარწმუნებული ვარ, მე რომ ჩემი სამსახურებრივი მდგომარეობა არ მქონოდა და სამოქალაქო აქტივისტი ვყოფილიყავი, გადამაყლაპებდნენ იმ პლაკატს. სპეციალურად დავიწყე კივილი თავიდანვე იმის, რომ "ტვ პირველის" ოპერატორი ვიყავი. ამის მერე დაიბნენ ეს ადამიანები.

პოლიციელებმა მითხრეს, რომ სთორზე მოგისწრია დადებაო. ანუ, პოლიციელებს ნანახი ჰქონდათ ჩემი სთორი, ბოლომდე გადამაკონტროლეს. დამიკონკრეტეს, რომ ადვილი ამოსაცნობი ხარ და სხვა დროსაც ადვილად ამოგიცნობთ ამითო. დროშაზეა საუბარი. მე ვუთხარი, აწი ვეცდები, როგორც კალაძემ თქვა, სწრაფ-სწრაფად გამოვიცვალო, რომ მერე ვერ მიცნონ, იქ რომ გავივლი. ამის შემდეგ ისევ მივალ აქციაზე. ოღონდ მანქანამდე ლაივით უნდა ვიარო

2 500 ლარით განმისაზღვრა ჯარიმა სანქცირებულმა მოსამართლემ. სასაცილოა. ადამიანი, რომელსაც ქვეყნიდან გასვლა არ შეუძლია, მე მაჯარიმებს. სასაცილოა, ვცხოვრობთ ქვეყანაში, ვინც პასუხს უნდა აგებდეს, ის პასუხისმგებლობას მაკისრებს მე. არ ვაპირებ, რომ გავჩუმდე, ჩემი საქმიანობა შევწყვიტო. ამ ადამიანების მიზანი იყო ჩემი დაშინება, თუმცა ბოდიში, ვერ მივართვი. ცეცხლი ოლიგარქიას". - განაცხადა ლაშა ჯაოშვილმა. 

სასამართლომ "ტვ პირველის" ოპერატორი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად გამოაცხადა და  2500 ლარით დააჯარიმა - გადაწყვეტილება სანქცირებულმა მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

  • "ტვ პირველის" ოპერატორს პოლიციელის დაუმორჩილებლობას და შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ

მსგავსი სიახლეები