ეს ყველაფერი იყო მიზანმიმართულად - თორნიკე მიგინეიშვილი ლაშა ჯიოშვილის დაკავების რეალურ მიზეზზე საუბრობს
“ტვ პირველის“ იურისტი, თორნიკე მიგინეიშვილი ლაშა ჯიოშვილის დაკავების რეალურ მიზეზზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს იმ პლაკატის გამო მოხდა, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფს აქციაზე ეკავა.
“რეალურად არანაირი ეჭვი არ არსებობდა, ეს იყო ყველაფერი მიზანმიმართულად“, - განაცხადა მიგინეიშვილმა გადაცემა “რეაქციაში“.
მისი თქმით, სამწუხარო ფაქტი არის ის, რომ ეს მხოლო ლაშას არ ეხება და პრობლემამ გლობალური სახე მიიღო.
ლაშას დაკავების რეალური მიზანი იყო ის პლაკატი. ვეკითხები, ხო ორნი იყვნენ და ორივეს მიმართ იყო ეს ეჭვი-თქო, კიო, მაგრამ ერთი გაიქცაო, თუმცა, ის არ გაქცეულა, გვერდით იდგა. სამართალდამცველი ამბობს, რომ ვიღაცაზე ჰქონდათ ეჭვი და ის ვერ დააკავეს და გაექცათ. რეალურად არანაირი ეჭვი არ არსებობდა, ეს იყო ყველაფერი მიზანმიმართულად, რომ პირდაპირ ლაშას შეეხო და უფრო სამწუხაროა, რომ ეს არ ეხება მხოლოდ ლაშას. ყოველდღიურად ხშირად ვისმენ, რომ გამიჭირდეს, ვის უნდა დავურეკო, ვერავის ვერ დაურეკავ, 112-შიც ვეღარ დარეკავ, ან საერთოდ არ მოვა და თუ მოვა ვერაფერს გააკეთებ. ეს უნდობლობა, რაც არსებობს კიდევ უფრო იზრდება, ამ ნდობის დაბრუნებას კი კიდევ დიდი ხანი დასჭირდება“, - განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.
მისივე თქმით, ამ საქმეს ბოლომდე გაჰყვებიან და გაასაჩივრებენ.
გავყვებით ამ საქმეს ბოლომდე, აპელაციაშიც იქნება ეს გასასაჩივრებელი, და ყოველთვის ვამბობ, რომ ყველა საქმე პირველივე დღიდან ემზადება სტრასბურგისთვის. შესაბამისად, ნებისმიერი რიგითი საქმეც კი შესაძლოა, იყოს ამისი საწინდარი, - დასძინა მან.
"ტვ პირველის" ოპერატორი, რომელიც სანქცირებულმა მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 2500 ლარით დააჯარიმა, ჯარიმის გადახდას არ აპირებს.
ლაშა ჯიოშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს.