აუდიოჩანაწერი აშკარა მტკიცებულებაა, რომ ბაჩიაშვილის წინააღმდეგ დევნის დაწყების საფუძველი არ ყოფილა - ალექსანდრე ბარამიძე
"საერთაშორი გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტი ალექსანდრე ბარამიძე ამბობს, რომ ივანიშვილი-ბაჩიაშვილის აუდიოჩანაწერი, რომელიც "შაბათის ეთერმა" მოიპოვა, ადასტურებს, რომ რაიმე სახის საინვესტიციო უერთიერთობებს ადგილი არ ჰქონია და ბაჩიაშვილს ივანიშილისთან მხოლოდ სასესხო ურთიერთობა ჰქონდა.
ბარამიძე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაზეც საუბრობს, რომელმაც გერმანელი ექსპერტებისგან განსხვავებით, აუდიოჩანაწერში მოლაპარაკე პირების იდენტიფიცირება ვერ შეძლო. იურისტის თქმით, ფაქტი ცხადყოფს, რომ სხვა ინტიტუტების მსგავსად, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროც ივანიშვილის დავალებებს ბრმად ასრულებს.
ეს ჩანაწერი ადასტურებს იმას, რომ იყო ურთიერთობა მხოლოდ სასესხო, რომ სესხი აიღო ბაჩიაშვილის კომპანიამ ივანიშვილის ბანკისგან და აქედან გამომდინარე, რაიმე საინვესტიციო ურთიერთობები იქ არ იკვეთება. ეს იყო სესხი.
რაც შეეხება სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზას, რომ მან ვერ თითქოს ვერ ამოიცნო მოლაპარაკე პირები ჩანაწერში, ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ინსტიტუტი და ორგანიზაცია ამ ქვეყანაში, ბრმად ასრულებს ივანიშვილის დაკვეთებს და მის სურვილებს. ამ სასამართლოს სურს, რომ არ გაითვალისწინოს ეს აშკარა მტკიცებულება, რომელიც, სინამდვილეში, ბაჩიაშვილის უდანაშაულობაზე მიუთითებს. საერთოდ, დევნის დაწყება ნებისმიერი დამოუკიდებელი მართლმსაჯულების პირობებში იქნებოდა სრული აბსურდი, - ამბობს ალექსანდრე ბარამიძე.
"შაბათის ეთერმა" მოიპოვა ოლიგარქისა და მისი მიალიარდების ყოფილი მმართველის, გიორგი ბაჩიაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი. 11 წუთიანი აუდიოფაილის შინაარსიდან ირკვევა, რომ ბაჩიაშვილს 6 მილიონ 500 ათასი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის შეძენა უნდა, მილიონ ნახევარი პირადად აქვს, სარფიანი გარიგების გასაფორმებლად კი, ბანკიდან 5 მილიონი დოლარის ოდენობის სესხის დამატება სჭირდება. ივანიშვილს ის დეტალურად უხსნის, რომ მისი შესყიდული კრიპტოვალუტა რომც გაუფასურდეს, საქმეში ჩადებული საკუთარი მილიონ ნახევრიდან მიღებული მოგებით, ბანკის სესხის დაფარვას მაინც უპრობლემოდ შეძლებს. ჩანაწერში ბაჩიაშვილი ივანიშვილს უხსნის, რომ მისთვის სესხის მიცემა ბანკისთვის სარისკო არ იქნება. ივანიშვილმა კი, რომელიც ახლა ირწმუნება, რომ ბაჩიაშვილისთვის სესხი არ მიუცია და მასთან ბიზნესის წილში შევიდა, ბოლომდე ისიც კი არ იცის, რას ყიდულობს ბაჩიაშვილი და საერთოდ რა არის კრიპტოვალუტის ბიზნესი. როგორც კი ივანიშვილს დღეში 200 მილიონის ბრუნვა ესმის, განწყობა ეცვლება, ბაჩიაშვილს მაშინვე ეუბნება რომ მისი ბანკის მმართველს ნატო ხაინდვარავას კიდევ ერთხელ აუხსნას, რისთვის სჭირდება ფული.
"ბატონო ბიძინა ეს არის ჩემი ფული მეტი არაფერი. ბანკი მოგებაში არ მონაწილებს, რისკს იზიარებს იგივეს" - ეს არის მთავარი ფრაზა ჩანაწერში - ივანიშვილი აქ თავად და გარკვევით ამბობს, რომ ბანკი მოგებაში არ მონაწილეობს, ანუ მოგებაც და წაგებაც ბაჩიაშვილის პასუხისმგებლობაა.