გადასცემს თუ არა "ოცნება" ოფიციალურ ბაქოს აფგან სადიგოვს - ივანიშვილის რეჟიმს ახალი ტესტი აქვს ჩასაბარებელი

ივანიშვილის რეჟიმს ახალი ტესტი აქვს ჩასაბარებელი - "ქართული ოცნების" იუსტიციის მინისტრს ორშაბათს სამუშაო მაგიდაზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დახვდება.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ალიევის რეჟიმისთვის გადაცემას კატეგორიულად კრძალავს. თუმცა ახლა ყველაფერი ანრი ოხანაშვილმა უნდა გადაწყვიტოს.
მოშიმშილე აფგან სადიგოვს მიმდინარე წლის მაისში ეწურება საექსტრადიციო პატიმრობის ვადა, რის შემდეგადაც სწორედ ანრი ოხანაშვილმა უნდა გამოსცეს ბრძანება იმის შესახებ, გადასცემს თუ არა ივანიშვილის რეჟიმი ჟურნალისტ ოფიციალურ ბაქოს.
ამის პარალელურად, აფგან სადიგოვის ოჯახის წევრები "პირველებთან" იმ რისკებზე საუბრობენ, რომელიც ჟურნალისტის ექსტრადიციამ შეიძლება გამოიწვიოს. ოთხ კედელში გამოკეტილი პატიმრის მეუღლე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანში დაბრუნდებიან, ალიევის რეჟიმი კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტს სასტიკად მოეპყრობა.
აფგანი იცით, რომ დიდი ხანი შიმშილობდა. ჯანმრთელობის, სიცოცხლის ფასად უპირისპირდებოდა უსამართლობას მის წინააღმდეგ. საქართველოში კანონი რომ მოქმედებდეს, ის სიცოცხლეს საფრთხეში არ ჩაიგდებდა. სამწუხაროდ, საქართველოს აზერბაიჯანის მსგავსად დიქტატორული რეჟიმი მართავს. ალიევი და ივანიშვილი ორივე დიქტატორია. აზერბაიჯანში კრიტიკული და თავისუფალი ჟურნალისტი აღარ დარჩა. ყველა დააკავეს. ასე ხდება საქართველოშიც. აფგანი რომ აზერბაიჯანს გადასცენ, ხომ წარმოგიდგენიათ იქ როგორ უკანონოდ მოექცევიან". - განაცხადა აფგან სადიგოვის მეუღლემ.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აფგან სადიგოვის საქმეზე უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო და დროებითი ღონისძიების ფარგლებში საქართველოს დევნილი ჟურნალისტისა და რედაქტორის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი თბილისში, 3 აგვისტოს დააკავეს. შსს-ში ამბობენ, რომ სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი კი დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.