"ბაქტერიოლოგიური კვლევა არ ჩატარებულა, რის შემდეგაც მედიკამენტი უნდა დანიშნულიყო" - ვახტანგ ჩარკვიანის საქმის პროკურორი

01.03.25 16:34
"ბაქტერიოლოგიური კვლევა არ ჩატარებულა, რის შემდეგაც მედიკამენტი უნდა დანიშნულიყო" - ვახტანგ ჩარკვიანის საქმის პროკურორი

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმე - პროკურორმა გიორგი ნადირაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების ბრალდებული ექიმის, ქეთევან ლობჟანიძის ბრალდების გარშემო ისაუბრა.

როგორც პროკურორი აღნიშნავს, თავად ბრალდებულიც მიუთითებს, რომ ბაქტერიოლოგიური კვლევა არ ჩატარებულა, რომ კონკრეტულად დადგენილიყო, რომელი ბაქტერიის მიმართ უნდა დანიშნულიყო შესაბამისი მედიკამენტი და მკურნალობა.

„დღეს, სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. რაც შეეხება დამატებით ღონისძიებას, ამასთან დაკავშირებით სასამართლოს ზეპირად განმარტება არ გაუკეთებია, შესაბამის წერილობით გადაწყვეტილებას მივიღებთ განჩინების სახით და შემდეგ გადავწყვეტთ, გავასაჩივრებთ თუ არა.

მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილია ამ დარგის სპეციალისტების არაერთი გამოკითხვის ოქმი, რომლებიც საწინააღმდეგოს მიუთითებენ და უმთავრესი, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არსებობს, რომლითაც პირდაპირ დასტურდება ის გარემოებები, რაც ბრალდების დადგენილებაშია მითითებული. თავად ბრალდებულიც მიუთითებს, რომ ბაქტერიოლოგიური კვლევა არ ჩატარებულა, რომ კონკრეტულად დადგენილიყო, რომელი ბაქტერიის მიმართ უნდა დანიშნულიყო შესაბამისი მედიკამენტი და მკურნალობა. მედიკამენტის განსაზღვრა ამ კვლევის ჩატარების გარეშე მოხადა. დაწყების შემდეგაც არ დაინიშნა, რასაც ბრალდების მხარე ბრალდებულს ედავება.

ორივე პირს ჰქონდა თავისი ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, ერთ შემთხვევაში, იმ პირს, როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღო იმ დროს, როცა ის უშუალოდ მკურნალობის პროცესში იყო ჩართული, პასუხისმგებელი თავად იყო და მათ შორის, პასუხისმგებლობის ნაწილი, რომელიც შეეხებოდა მის ზემდგომ ხელმძღვანელ პირს, რომ მისი ქვემდგომი ექიმი ეკონტროლებინა, ხელმძღვანელის პასუხისმგებლობაც ინდივიდუალურად გამოიკვეთა. სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხი თუ გამოიკვეთება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ კიდევ გრძელდება და არ დასრულებულა, ყველა იმ პირის მიმართ შესაბამისად დაიწყება სისხლისსამართლებრივი დევნა“, - განაცხადა ნადირაძემ.

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმე - ბრალდებულ ექიმს აღკვეთის ღონისძიების სახით 12 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.  

პროკურატურამ ქეთევან ლობჟანიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა, რაც გულისხმობს გულგრილობას, სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.