კორონავირუსით გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმე - ბრალდებული ექიმის ჩვენება სასამართლოზე
კორონავირუსით გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმე - დღეს სასმართლოს ჩვენება ბრალდებულმა ექიმმა, ქეთევან ლობჟანიძემ მისცა.
ლობჯანიძე სასამართლოს უმტკიცებდა, რომ მისი მორიგეობის დროს მან შესაბამისი კვლევები ჩაუტარა 20 წლის ფეხბურთელს. რა ც შეეხება ბაქტეოროლოგიურ კვლევებს, მედიკოსოს მტკიცებით, ის ვერ ჩატარდა იმის გამო, რომ სახეზე არ იყო მაღალი ცხელება და ვერ მოხერხდა ნახველის ანალიზის აღება იმის გამო, რომ იყო მშრალი ხველა.
„მე თანაზიარი ვარ თქვენი შვილის [გარდაცვალების], მე პირადად მქონდა მასთან შეხება. ზოგადად, მე ვარ ექიმი-თერაპევტი, მანამდე ვმუშაობდი განყოფილებაში, როცა კოვიდპანდემია დაიწყებოდა, პირველივე დღეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეუღლე აქ არის, ჩვენ გვქონდა დიდი კონფლიქტი, რადგან სიკვდილის წინაშე ვიყავი, მე მყავს ორი არასრულწლოვანი, მათ გვერდით დავდექი, ჩემი ქვეყნის, ჩემი პაციენტების გვერდით. ანაზღაურება მქონდა სამარცხვინო, თუმცა, ეს ჩემთვის არაფერია, ვიდექი მათ გვერდით. მინდა გითხრათ, როცა კოვიდ განყოფილებად გადავკეთდით, ჩვენ მორიგე ექიმებად გადავედით, მე პაციენტებთან საათობრივი შეხება მქონდა. რაც შეეხება თქვენს შვილს, საოცარ ვაჟკაცს, ამაზეც პატარა სიტყვას გეტყვით, როცა მკურნალ ექიმად თვლით ადამიანს, როცა ვიღებ პაციენტს, გაწერის ბოლომდე მე ვარ პასუხისმგებელი ყველა ნიუანსზე, მაგრამ მე ვიყავი მისი მორიგე ექიმი, მე მიზერული შეხება მქონდა მაგ ბავშვთან... სხვებს შეიძლება ბევრი მორიგეობა ჰქონდათ, მე ეს არ შემეძლო ფიზიკურად, თქვენ ვერ ხვდებით, ჩანაჭდევები კვირაობით არ ამომდიოდა, ყველაფერში შეფუთულები ვიყავით - ვერ ვსუნთქავდით, ვერ ვჭამდით, რობოტებივით დავდიოდით, ეს იყო საბრძოლო პირობები... ქალს ბევრი შეუძლია, შეიძლება კაცმა ვერც შეძლოს, რაც ჩვენ შეგვიძლია, რადგან იმ ადამიანების თვალებს ვუყურებდით, რომლებიც სიკვდილის შიშით იყვნენ ანთებულები, ჩვენ მათთვის ყველაფერს ვაკეთებდით. მე მკურნალი ექიმი არ ვიყავი, მე ვიყავი რიგითი, მორიგე ექიმი, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში სადოქტოროს ვიცავდი, მე მორიგე ექიმი ვიყავი, მაგრამ სრულიად ამაყი, რომ შემეძლო ამ ხალხის გვერდით ვყოფილიყავი ისევე, როგორც ჩემი კოლეგების და ასევე პაციენტების, ჩემთვის მთავარია ხალხი. თერაპიულ განყოფილებაში მხოლოდ 2-ჯერ მქონდა დღის მორიგეობა, სხვამ მიიღო პაციენტი, 12-ში და 14-ში, რამდენიმე საათით მქონდა... ჩემს არასრულწლოვან შვილებს ახლა გაურთულდათ ვირუსი, ყელ-ყურმა ანალიზიც არ გაგვაკეთებინა, ისე დავიწყეთ, 7-7 დღე მივიღეთ ზუსტად იმ წამლის ანალოგი, რაც იმ დღეს დავიწყე, მინდა გულწრფელები ვიყოთ თქვენს მიმართ. ბოდიში ჩემი ემოციურობისთვის, განყოფილების ხელმძღვანელიც ინფორმირებული იყო და მასთან შეთანხმებით, სრულიად საფუძვლიანად, რაც გაიდლაინშია მოთავსებული - ყველაზე უმტკივნეულო მედიკამენტი, ჩემი ზედამხედველობის ქვეშ მხოლოდ და მხოლოდ 1 გრამი „ცეპეფინი“ გაკეთდა, ჩემს შვილებს ახლა 7-7 დღე ეძლეოდათ. მას შემდეგ პაციენტთან შემხებლობა არ მქონია, ის ისევ დაყოვნდა თერაპიულ განყოფილებაში, მე აღარ მქონდა მორიგეობები, შემდეგ კარგა ხანი იყო რეანიმაციაში... სრული ნუსხა გავაკეთე ამ ბიჭისთვის, რომ ერთი წამი არ დაკარგულიყო, თუმცა, მე 14-ში საღამოს შემდეგ, ამ პაციენტთან შემხებლობა აღარ მქონია, არ ვიცი შემდეგ როგორი რეაგირება მოჰყვა, რომ აღნიშნავთ, მკურნალი ექიმიო, მე მხოლოდ რამდენიმე საათი ვიყავი. წამოვიდა ბაქტერია? დავნიშნე ის 1 გრამი, ჩათვალეთ ეკვივალენტია 1 აბი ანტიბიოტიკის, დავნიშნე, რადგან მე ექიმი ვარ... სრულიად საფუძვლიანად, 1 გრამი ანტიბიოტიკი [გაუკეთდა], რაც შეთანხმებული იყო განყოფილების ხელმძღვანელთან, შემდეგ მე უკვე პაციენტთან შემხებლობა არ მქონია“, - განაცხადა ლობჟანიძემ.
კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმე - ბრალდებულ ექიმს აღკვეთის ღონისძიების სახით 12 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
პროკურატურამ ქეთევან ლობჟანიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა, რაც გულისხმობს გულგრილობას, სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.