ჩემი შვილი მე-4 წელია მოკლულია, ექიმმა ბევრი რამ დამალა - გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა

01.03.25 16:44
ჩემი შვილი მე-4 წელია მოკლულია, ექიმმა ბევრი რამ დამალა - გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ბრალდებულმა ექიმმა სასამართლოზე ბევრი რამ დამალა. 

კითხვაზე, თუ რა დამალა ლობჟანიძემ, ჩარკვიანი პასუხობს, რომ „მის შვილთან ექიმები არ შედიოდნენ“.

საქმეზე ჩატარებულია უამრავი ექსპერტიზა, მათ შორის, სატელეფონო, ჩემი შვილის ფონოსკოპური ექსპერტიზები, იქ დადგენილია გარემოებები, ექიმების დაუდევრობები და გულგრილი დამოკიდებულება ჩემი შვილის მიმართ - ამბობს გარდაცვლილი ბიჭის მამა. 

„ქალბატონმა ქეთევან ლობჟანიძემ ბევრი რამე დამალა. ვსვამ კითხვას, არ გიჩნდებათ რელევანტური კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი შვილი მე-4 წელია მოკლულია და ახლა საუბრობენ თითქოს, სიმართლეს. სამედიცინო ისტორიაში სულ სხვა ფაქტობრივი გარემოებები დევს, სულ სხვა მოცემულობებია. საქმეზე ჩატარებულია უამრავი ექსპერტიზა, მათ შორის, სატელეფონო, ჩემი შვილის ფონოსკოპური ექსპერტიზები, იქ დადგენილია გარემოებები, ექიმების დაუდევრობები და გულგრილი დამოკიდებულება ჩემი შვილის მიმართ.

ზუსტად, 12-14 აგვისტოს ეპიზოდებია. როდესაც ჩემი შვილი ე.წ. კოვიდსასტუმროდან გადაიყვანეს, ყველა კვლევა სრულყოფილად არ ჩაუტარეს. როდესაც სისხლიანი ნახველით შევიდა, აუცილებელი იყო, გამოერიცხათ ტუბერკულოზის არსებობა-არ არსებობის საკითხი, "კატეს" დასკვნა გამორიცხვის მეთოდი არ არის. როცა საუბრობენ, რომ ჩემს შვილს ციტოკინური შტორმი განუვითარდა, ამის გამომრიცხავი მექანიზმი იყო ანალიზები, კვლევების ჩატარება, რომელიც აუცილებელი და სავალდებულო იყო პირველ, მეორე დღეს და არა მეოთხე, მეხუთე დღეს, როცა ჩემი შვილის მდგომარეობა მძიმდებოდა. თრომბოციტოპენია, როდესაც დავარდნილი იყო ნორმასთან მიმართებით, ჰემატოლოგის მიერ არ იქნა კონსულტირებული.

მისი [ქეთევან ლობჟანიძის] ჩვენება რომ ნახოთ, იქ წერია, „რემდესივირი“ აპრობირებული იყო და შეიძლებოდა მისი გაკეთება, რაზეც მან მის ჩვენებაში მიუთითა, რომ „სპორტსმენი ბიჭია და არ ჩავთვალე საჭიროდო“, ეს მტკიცებულება თავის გამოკითხვის ოქმშია დაფიქსირებული. ჩემი შვილის მდგომარეობა პირველ სართულზე მიზანმიმართულად დაამძიმეს და სხვა ექიმებმა მიზანმიმართულად შეიწირეს ის... ჩემს შვილს ცხელება ჰქონდა, რამდენი უნდა ჰქონოდა ტემპერატურა, რომ ელემენტარულად, ეს სავალდებულო კვლევები ჩატარებულიყო? მითუმეტეს, ხარისხის პატრონია ქეთევან ლობჟანიძე და ინფექციური და ბაქტერიული ვირუსი ერთმანეთისგან უნდა განესხვავებინა“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმე - ბრალდებულ ექიმს აღკვეთის ღონისძიების სახით 12 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.  

პროკურატურამ ქეთევან ლობჟანიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა, რაც გულისხმობს გულგრილობას, სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.