გიორგი ბაჩიაშვილმა ქვეყანა დატოვა

04.03.25 11:59
გიორგი ბაჩიაშვილმა ქვეყანა დატოვა

გიორგი ბაჩიაშვილმა ქვეყანა დატოვა - ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი Facebook-ის პირად გვერდზე წერს. 

ბიზნესმენი ამბობს, რომ საქართველოში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ამიტომ იძულებული გახდა, სამშობლო დაეტოვებინა. 

მე მივიღე სანდო ინფორმაცია ჩემს უსაფრთხოებაზე რეალური საფრთხეების შესახებ, რომელსაც დღევანდელ საქართველოში შეიძლება სასიკვდილო მნიშვნელობა ჰქონდეს - წერს ბაჩიაშვილი და აცხადებს, რომ მისი წასვლა არა უკან დახევა, არამედ ერთადერთი საღი გამოსვალი იყო.

წესით, ბაჩიაშვილი ახლა საქალაქო სასამართლოში საკუთარ პროცესს უნდა ესწრებოდეს, თუმცა წერს რომ განაჩენი საქმეზე წინასწარ არის გამოტანილი. 

უდიდესი წუხილით და უსამართლობის განცდით ვაცხადებ საქართველოდან ჩემი იძულებითი წასვლის შესახებ
საკუთარი სამშობლოს დატოვება არ არის მარტივი არჩევანი. მ
იუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის კრიმინალური გეგმა ჩემთვის თავიდანვე ნათელი იყო, მე მაინც გავრისკე და ბოლომდე გავაშიშვლე მისი ნამდვილი სახე. ივანიშვილის რეჟიმი სრულიად გავიდა სამართლის და დემოკრატიის პრინციპებიდან, შესაბამისად ჩემი წასვლა არა უკან დახევა, არამედ ერთადერთი საღი გამოსვალია.
ჩემს წინააღმდეგ წამოყენებული მორიგი შეთითხნილი, ხანდაზმული, და კანონთან შეუსაბამო პროცესი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილის საქართველოში სასამართლო აღარ არსებობს. ამ უსამართლობას ხელმძღვანელობენ სანქცირებული ივანიშვილი და მისი კრიმინალური ბანდა, მათ შორის: მოსამართლე გიორგი გელაშვილი, სასამართლოს ხელმძღვანელები მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე, მთავარი პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი და საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე. თითოეული მათგანი, ვინც ამ პოლიტიკურ რეპრესიაში და გამოძალვაშია ჩართული, უკვე სანქცირებულია ცივილიზებული სამყაროს მთავრობების მიერ. ეს არ არის სამართლებრივი სისტემა, სადაც ჭეშმარიტება იმარჯვებს, და არც სისტემა, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს—განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ეჯახები ივანიშვილის კორუმპირებულ მანქანას
გარდა ამისა, მე მივიღე სანდო ინფორმაცია ჩემს უსაფრთხოებაზე რეალური საფრთხეების შესახებ—საფრთხის, რომელსაც დღევანდელ საქართველოში შეიძლება სასიკვდილო მნიშვნელობა ჰქონდეს. ციხეში, აბსოლუტურად დაუცველი დავრჩებოდი ივანიშვილის ჯალათების პირისპირ… იმ ციხეში სადაც ივანიშვილმა გაჭყლეტვა შემომითვალა
ვუცხადებ სოლიდარობას იმ ათასობით ქართველს, ვინც უკანონოდ არიან რეპრესირებული და დატყვევებული ამ რეჟიმის მიერ, და მათ, ვინც დღეს იბრძვის ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ჩემი წასვლა არა დანებება, არამედ გააზრებული და სტრატეგიული ნაბიჯია. ამ ბრძოლაში, ჩემი გარეთ ყოფნა გაცილებით უფრო სარგებლიანი იქნება. სამწუხაროდ, ამ არჩევანის გაკეთების საშუალება არ აქვს ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს
ჩვენ ვერ გაგვაჩუმებენ, ჩვენ ვერ გაგვტეხავენ და ვერ შეგვაჩერებენ იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ის, რაც მათ არასდროს ექნებათ—ჩვენ გვაქვს სიყვარული!"- წერს გიორგი ბაჩიაშვილი.

  • შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილს კრიპტოვალუტის მითვისებას ედავება. გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აკრძალული ჰქონდა.

თანაინვესტირების ფონდის ყოფილ შეფს კიდევ ერთი ბრალდება წარუდგნეს. ბაჩიაშვილს  „მტკვარი ჰესის“ საქმეზე სამსახურებროვი მოვალეობის შეუსრულებლობას ედავებიან.

ასევე ნახეთ: