როგორ დატოვა ქვეყანა გიორგი ბაჩიაშვილმა - პროკურორი ამტკიცებს, რომ ბიზნესმენს უწყებისთვის ნებართვა არ უთხოვია

04.03.25 15:20
როგორ დატოვა ქვეყანა გიორგი ბაჩიაშვილმა - პროკურორი ამტკიცებს, რომ ბიზნესმენს უწყებისთვის ნებართვა არ უთხოვია

როგორ დატოვა ბრალდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო - ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არცერთ უწყებას არ აქვს. არადა ბაჩიაშვილს სასამართლომ პასპორტი ორჯერ ჩამოართვა, ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა, პროკურატურამ ბრალი ორჯერ მძიმე მუხლებით წარუდგინა, მაგრამ ქვეყნიდან გასვლა მაინც მოახერხა. 

პროკურატურა ამტკიცებს, რომ ქვეყნის დატოვების ნებართვა ბაჩიაშვილს მათი უწყებისთვის არც უთხოვია და არც გაუციათ. 

მეტიც, პროკურორი, მიხეილ სადრაძე ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმის წარმოებას აანონსებს, ამჯერად საზღვრის უკანონო კვეთაზე.

ეს ინფორმაცია ჩვენთვისაც ახლა გახდა ცნობილი სოციალური ქსელის მეშვეობით. როგორც მოგეხსენებათ, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია გირაო, რაც გულისხმოსბ სახელმწიფო საზღვრის დატოვების აკრძალვას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმაციის და თანხმობის გარეშე, ასევე მას პასპორტების ჰქონდა ჩამორთმეული. ფაქტობრივი მოცემულობები, რაც გვაქვს გვაქვს. ეს საჭიროებს შესწავლა, რაც გულისხმობს, რომ ამ მიართულებითვ აუცილებლად დაიწყება გამოძიება და ამის შემდგომ მათ შორის პირობითად გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლა ამაზე იქნება გამოყენებული", - ამბობს სადრაძე. 

  • ახლა ყველა კითხვას პასუხი გომელურის უწყებამ უნდა გასცეს, რომელსაც სასაზღვრო პოლიცია და ქვეყნის საზღვრები აბარია. 

ბიტკოინების საქმეზე სასამართლო სხდომა კი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. დღევანდელი პროცესი დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. კერძოდ კი, გამოიკითხება გერმანელი ექსპერტი ფრენკ მიულერი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი ბაჩიაშვილის საუბრის ჩანაწერზე ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაატარა და 11 წუთიანი აუდიოჩნაწერის ავთენტურობა დაამტკიცა. 

მოსამართლე გიორგი გელაშვილი დღეს სავარაუდოდ, მოისმენს პროკურატურის შუამდგომლობასაც იმასთან დაკავშირებით, რომ აღკვეთი ღონისძიება "თანაინვესტირების" ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს წინააღმდეგ უნდა შეიცვალოს. ამის შემდეგ კი მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, მისცემს თუ არა ბაჩიაშვილს უფლებას, დისტანციურად ჩაერთოს პროცესებში და მათ შორის, ამ ფორმით მისცეს ჩვენება სასამართლოს. 

  • დღეს ცნობილი გახდა, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა ქვეყანა დატოვა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში, ბაჩიაშვილი ამბობს, რომ საქართველოში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ამიტომ იძულებული გახდა, სამშობლო დაეტოვებინა.