პროკურატურა მზია ამაღლობელის ტელეფონზე წვდომას ითხოვს
პროკურატურა მზია ამაღლობელის ტელეფონზე წვდომას ითხოვს - როგორც ჟურნალისტი ზურა ვარდიაშვილი სასამართლოდან იუწყება, "მზიას საქმეზე პროკურატურა ახალი იდეითაა წარმოდგენილი".
ახლა სასამართლოზე მსჯელობა მიდის პროკურატურის მოთხოვნაზე, დაინიშნოს ექსპერტიზა მზია ამაღლობელის ტელეფონზე და “ამოღებულ იქნას საქმისთვის საჭირო მასალები”.
თითქოსდა იმიტომ, რომ ვიღაც დეტექტივის პატაკის მიხედვით, მზია ამაღლობელმა დგებუაძეზე თავდასხმის ბრძანება მიიღო ტელეფონით.
სინამდვილეში ხვდებით ალბათ, ამდენწლიანი გამოცდილების მქონე მედიამენეჯერის მონაცემებზე წვდომა, მათ შორის, ვაიბერზე, ვოთსაპზე, მესენჯერზე და ა.შ. რა კატასტროფაა და რამხელა საფრთხის მატარებელია", - წერს ვარდიაშვილი.
რეჟიმის ტყვე, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი სასამართლოშია - 38 დღიანი შიმშილობის შემდგე "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი კამერების წინ დღეს პირველად გამოჩნდა და სავარდოდ დუმილსაც დაარღვევს.
პროცესს ესწრებიან მზია ამაღლობელის კოლეგები და ჟურნალისტის ახლობლები.
მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი და სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები იმყოფებიან.
სხდომაზე, ადვოკატები მზია ამაღლობელისთვის წერილის გადაცემას ცდილობდნენ, რისი უფლებაც ბადრაგებმა არ მისცეს.
ადვოკატებმა აღნიშნულის გამო, სასამართლოს მიმართეს.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი მოვალეობა, თქვენის ნებართვით დაველაპარაკებით. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ფურცელი, შემდეგ დავიბრუნებთ. ეს არ არის ნივთი, ეს არის მისი წერილობითი პოზიცია, თქვენ ვერ შეგვიზღუდავთ კომუნიკაციას, გადაამოწმეთ ნივთი”, - მიმართეს ადვოკატებმა მოსამართლეს.
- აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტის საქმეზე მოსამართლე შეიცვალა. საქმეს ნინო სახელაშვილის ნაცვლად 39 წლის ვიქტორ მეტრეველი განიხილავს. ამაღლობელის კოლეგები და ახლობლები ამბობენ, რომ ახალ მოსამართლეზე ინფორმაციას არ ფლობენ და აქამდე მასზე არაფერი სმენიათ. მათი თქმით, ვიქტორ მეტრეველის სახელზე აქამდე არცერთი განხილული საქმე არ იძებნება.
- დღეს, წინასასამართლო სხდომაზე სწორედ მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა გადაწყვიტოს მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი და ასევე, ეს საქმე არსებითად უნდა განიხილოს თუ არა სასამართლომ.