პოლიტიკური ტყვეების პროცესი იწყება - გაუღებენ თუ არა ციხის კარს ანდრო ჭიჭინაძეს და სხვა სინდისის პატიმრებს
გაუღებს თუ არა ციხის კარს სინდისის პატიმრებს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს და მათთან ერთად ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ 9 პირს.
პოლიტიკური პატიმრები საბადრაგო სამსახურმა ციხიდან სასამართლოში უკვე მიიყვანა. პროცესი კი ერთ საათში მტკიცებულებების გამოკვლევით გაიხსნება.
ადვოკატები ამბობენ, რომ დღეს, წესით, საქმე უნდა შეწყდეს და არსებით განხილვაში არ უნდა გადავიდეს, რადგან პროკურატურას რეალური მტკიცებულებები წარდგენილი არ აქვს. მათი მტკიცებით, ის მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდების მხარემ საქმეს დაურთო, დარღვევებით მოპოვებულია.
სასამართლო განიხილავს მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს, რამდენად არის შემხებლობაში ეს მტკიცებულებები საქმესთან. ასევე, რა პროცესუალური დარღვევებით არის ისინი მოპოვებული, დაერთოს თუ არა ისინი საქმეს. ხვალ განიხილავს ასევე, ბრალდებულებები, როგორც ანდრო ჭიჭინაძე, ასევე სხვა სინდისის პატიმრები დატოვოს თუ არა პატიმრობაში, შეუცვალოს თუ არა მათ აღკვეთის ღონისძების სახით გამოყენებული პატიმრობა. ამ საკითხებზე იმსჯელებს და მთავარი რაც არის, საქმე რამდენად არის მზად იმისთვის, რომ გადაეცეს უკვე არსებითად განსახილველად სხვა მოსამართლეს, - ამბობს იურისტი თორნიკე მიგინეიშვილი.
პროცესი 12:00 საათზე იწყება. საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები უკვე იკრიბებიან. მათი თქმით, სასამართლოსგან სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არ აქვთ. ამბობენ, რომ საქმის პროკურორი ვაჟა თოდუა ესტონეთის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდა და ცხადია, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
ცნობისთვის, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე საპროტესტო აქციების ფარგლებში 5 დეკემბერს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. რეჟიმს სურს, ანდრო ჭიჭინაძე ციხეში 6 წლით გაუშვას.
ამის პარალელურად, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ჭიჭინაძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა.