სინდისის პატიმრების მოსამართლე მოულოდნელად შეიცვალა - რა ხდება სასამართლო პროცესზე

05.03.25 13:25
სინდისის პატიმრების მოსამართლე მოულოდნელად შეიცვალა - რა ხდება სასამართლო პროცესზე

სინდისის პატიმრების მოსამართლე მოულოდნელად შეიცვალა - ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეს მოსამართლე, ირაკლი შვანგირაძე განიხილავს. 

საქმე მოსამართლე ნინო თარაშვილს უნდა განეხილა, თუმცა რეჟიმის ტყვეების უფლებადამცველებმა გუშინ ღამით გაიგეს, რომ საქმეზე მოსამართლე შეიცვალა.

სწორედ ამიტომ, დღეს სინდისის პატიმრის, რეზო კიკნაძის ადვოკატმა, ელგუჯა ავსაჯანიშვილმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა. უფლებადამცველის თქმით, მოსამართლე შვანგირაძე მრავალტომიანი საქმის გაცნობას რამდენიმე საათში ვერ მოასწრებდა, ამასთან ადვოკატებს აქვთ განცდა, რომ სასამართლო პროცესს მესამე პროკურორი ესწრება, რადგან მათი თქმით, შვანგირაძე წლების განმავლობაში სწორედ პროკურორად მუშაობდა

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და საქმე არ აიცილა.

  • დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ, ამასთან, გადაისინჯება ყველა მათგანისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

რეჟიმის პატიმრების აღკვეთი ღონისძიების  შეცვლის მოთხოვნით მოსამართლეს ადვოკატები მიმართავენ. ისინი ბრალდებულების აღკვეთის გარეშე დატოვებას მოითხოვენ, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს გირაოს შესთავაზებენ, რომლის განსაზღვრასაც მას მიანდობენ.

ამასთან, ადვოკატები პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლობას მოითხოვენ, ვინაიდან მათი თქმით, ისინი კანონის არსებითი დარღვევითაა მოპოვებული. 

დაცვის მხარის მოპოვებულ ყველა მტკიცებულებას დაცვის მხარე, რა თქმა უნდა, სადავოს გავხდით და ამის შემდგომ უკვე განვიხილავთ გამოყენებული პატიმრობის მიზანშეწონილობის საკითხს. ბუნებრივია, აქაც დაცვის მხარეს გვექნება შუამდგომლობა, რომ ონისე ცხადაძის მიმართ გამოყენებული პატიმრობა გაუქმდეს და არ შეეფარდოს არცერთი სახის აღკვეთის ღონისძიების სახე იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომ ვიმყოფებით წინასასამართლო სხდომის ეტაპზე და ამ ეტაპამდე პროკურორები აპელირებდნენ და ამტკიცებდნენ იმას, რომ თითქოს არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. ბუნებრივია, წინასასამართლო სხდომის ეტაპი წარმოადგენს ახალ გარემოებას, ყველა მოწმე დაკითხულია, მტკიცებულებები საქმეზე დამაგრებულია და ეს საფრთხეც კი აღარ არსებობს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ გამოყენებული პატიმრობა უნდა გაუქმდეს".- ამბობს ონისე ცხადაძის ადვოკატი. 

ლაშა ცუცქირიძე ასევე ითხოვს, რომ დაუშვებლად იქნას ცნობილი ე.წ. სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც მისი თქმით,  კანონის არსებითი დარღვევით არის მოპოვებული.

ადვოკატის განმარტებით, ე.წ. სამედიცინო დასკვნის ნაწილში საუბარია გდდ-ს და კრიმინალური პოლიციელის რამდენიმე თანამშრომელზე, რომლებიც დაზარალებულად არიან ცნობილები. ადვოკატის თქმით, პოლიციელები აცხადებენ, რომ თითქოს დაზიანება მიიღეს აქციაზე, თუმცა, ვერცერთი მათგანი ვერ აკონკრეტებს, დროს და პირს, თუ ვისგან მიიღეს დაზიანებები.

რაც შეეხება სამედიცინო დასკვნას, რამდენიმე პოლიციელია, გდდ-ს და კრიმინალური პოლიციელის თანამშრომლები არიან ე.წ. დაზარალებულად ცნობილები და ისინი ამტკიცებენ, რომ თითქოს დაზიანება მიიღეს აქციაზე, მაგრამ არ აკონკრეტებენ დროს, არ აკონკრეტებენ პირს, ვისგან მიიღეს[დაზიანება]. არათუ არ აკონკრეტებენ, არამედ საერთოდ ვერ აღწერენ პირს, ვისგან მიიღეს რაიმე სახის დაზიანება. ზოგიერთი მათგანი კი, საერთოდაც საუბრობს ისეთ დღეზე, რომელ დღეზეც, რიცხვშიც საერთოდ არცერთ პირს არ აქვს ბრალი წარდგენილი, არათუ ონისე ცხადაძე. შესაძლოა მათ რაიმე დაზიანება მიიღეს, მაგრამ რა კავშირშია ონისე ცხადაძესთან ან სხვა ბრალდებულებთან საერთოდ არ არის დადგენილი.

სასამართლო პროცესს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები ესწრებიან. სხდომას ესწრებიან თავად დაკავებულებიც. პროცესის პარალელურად სასამართლოში დაკავებულების მხარდასაჭერად მათი ოჯახის წევრები და მსახიობები არიან შეკრებილები.

ცნობისთვის, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე საპროტესტო აქციების ფარგლებში 5 დეკემბერს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. რეჟიმს სურს, ანდრო ჭიჭინაძე ციხეში 6 წლით გაუშვას. 

ამის პარალელურად, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ჭიჭინაძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა.

 

მსგავსი სიახლეები