რას შეადარა ანდრო ჭიჭინაძემ მის მიმართ წაყენებული ბრალი - სიტყვა სასამართლოზე
სინდისის პატიმარმა, ანდრო ჭიჭინაძემ მის მიმართ წაყენებული ბრალი "ფრანგულ რადიოს" შეადარა და სასამართლოს პირდაპირ უთხრა, ის, რასაც რეჟიმის ტყვეებს ედავებიან სრული აბსურდია.
სიტყვა სასამართლოზე მსახიობმა იქამდე წარმოთქვა, სანამ მოსამართლე შვანგირაძე სხდომის ნაწილობრივ დახურვის გადაწყვეტილებას მიიღებდა და ხალხს დარბაზიდან გააძევებდა.
ახლა რასაც ვისმენ გამახსენდა, ფრანგულ რადიოს რომ იჭერს, რატომღაც არავინ რომ არ იცის, რატომ იჭერს და ცოტა ხანი რომ აჩერებ, გინდა რომ რაღაცა დააფიქსირო, რომ გაიგო, დაახლოებით ასეთი ბრალდებაა, რომ რაღაცა მაინც დაიჭირო, რას გედავებიან და მაინც ვერა. რაღაცა წარმოუდგენელი ამბავია", - თქვა ანდრო ჭიჭინაძემ.
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ რეჟიმის 11-ივე ტყვე პატიმრობაში დატოვა - თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.
ირაკლი შვანგირაძემ განაჩენი ადგილზე თათბირის შედეგად გამოიტანა. მისივე მტკიცებით, უკანონოდ დაკავებულები პატიმრობაში იმის გამო დატოვა, რომ მათ მიერვე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს.
შემდეგი სასამართლო სხდომა 10 მარტს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.
იქამდე კი, სანამ გადაწყვეტილება გამოცხადდებოდა, მოსამართლე შვანგირაძემ სხდომის ნაწილობრივ დახურვის გადაწყვეტილება მიიღო და ხალხი დარბაზიდან გააძევა. ამის შემდეგ, პროტესტის ნიშნად 11-ივე ბრალდებულმა სხდომა დატოვა.
- დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.