ექსკლუზივი: მოპოვებულია გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე დაკავებული მძღოლის ჩვენება
ბიძინა ივანიშვილის ყოფილი „პირადი ფინანსისტის“, გიორგი ბაჩიაშვილის სომხეთში გადამყვანი პირი, 47 წლის შოთა ქარუმიძე ბრალს აღიარებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კაცი გიორგი ბაჩიაშვილის მიერ საქართველო-სომხეთის საზღვრის „უკანონოდ“ კვეთაში „დახმარების“ ბრალდებით 5 მარტს დააკავა.
შოთა ქარუმიძეს 7 მარტს სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
"შაბათის ეთერმა" გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე დაკავებული მძღოლის ჩვენება მოიპოვა.
2025 წლის 2 მარტი - გაქცევის დღე - გზა სადახლოს გამშვებ პუნქტამდე:
- "2025 წლის 2 მარტს, დაახლოებით 19:00 საათზე მივედი აღნიშნულ ადგილზე, სადაც დამხვდა თავად გიორგი ბაჩიაშვილი. გიორგი ჩაჯდა ავტომობილში უკანა სავარძელზე და წავედით სომხეთის საზღვრის მიმართულებით. არმისული სოფელ სადახლოსთან, გიორგიმ გამაჩერებინა მანქანა და დაიწყო სამალავში ჩაჯდომა. სამალავი მანქანაში მოწყობილი იყო უკანა სავარძელსა და საბარგულს შორის. ის ისე მოთავსდა სამალავში, რომ არ გადმოსულა მანქანიდან, გადმოწია უკანა სავარძლის საზურგე და მოთავსდა სამალავში. ამის შემდეგ, მივადექი სადახლოს გამშვებ პუნქტს, სადაც შემამოწმეს პირადად და შეამოწმეს მანქანა".
გზა სომხეთის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ...
- სომხეთის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ ბაჩიაშვილი ჩამიჯდა ისევ ავტომობილში და გავაგრძელეთ გზა ერევნის მიმართულებით. გიორგიმ მთხოვა დამებრუნებინა მისთვის ეგრეთწოდებული გუგლის ტელეფონი რომლითაც ერთმანეთს ვეკონტაქტებოდით... ერევანში ჩასვლის შემდეგ მე ის აეროპორტში მივიყვანე, საიდანაც გაფრენას აპირებდა. სად მიფრინავდა არც მას უთქვამს და არც მე მიკითხავს".
შოთა ქარუმაძის და გიორგი ბაჩიაშვილის გაცნობის დღე...
- 2024 წლის დეკემბერში მე გავიცანი გიორგი ბაჩიაშვილი, შეხვედრისას მე მან მკითხა ვიქნებოდი თუ არა თანახმა, რომ ერთ ადამიანს საქართველოდან გაპარვაში დავხმარებოდი. ვკითხე, ვინ იყო და რას წარმოადგენდა ის პირი, ვისაც ეს უნდოდა. მითხრა რომ პირი, ვისაც საქართველოდან გაპარვა სჭირდებოდა არ იყო კრიმინალი და იდევნებოდა პოლიტიკური ნიშნით და იმისთვის, რომ არ დაეპატიმრებინათ, საქართველოდან ისე უნდა წასულიყო, რომ ამის შესახებ არავის არაფერი სცოდნოდა. ასევე მთხოვა დამეზუსტებინა, თუ რა თანხა იქნებოდა საკმარისი ჩემთვის, ამ საქმის სანაცვლოდ, მითხრა რომ ამ ყველაფერზე მეფიქრა და საბოლოო პასუხი რამდენიმე დღეში მეთქვა. მეორე დღეს გიორგის მე თანხმობა განვუცხადე".
მუქი ფერის ტოიოტა ქამრის შეძენა და საქართველო-სომხეთის საზღვრის კვეთა ყოველ მესამე-მეოთხე დღეს.
- 27 დეკემბერს გიორგიმ 18,500 დოლარი გადმომცა, მთხოვა მეყიდა აუცილებლად მუქი ფერის ტოიოტა ქამრის მოდელის ავტომობილი, რომელიც არ იქნებოდა 2020 წლამდე წარმოებული. ავტომობილი იმავე დღეს ვიყიდე. ამის შემდეგ გიორგი თითქმის ყოველ მესამე, მეოთხე დღეს მთხოვდა დღე-ღამის სხვადასხვა დროს გადამეკვეთა საქართველოს და სომხეთის საზღვარი. ზოგჯერ მგზავრებიც მიმყავდა და ამაზე გიორგის პრეტენზია არ ჰქონდა. ყველა გადასვლის დროს გიორგი მიხდიდა ფულს, პარალელურად დამავალა, რომ მანქანაში წინა და უკანა საქარე მინებზე ვიდეო რეგისტრატორები დამემონტაჟებინა, რაც შევასრულე კიდეც. როდესაც სომხეთიდან ვბრუნდებოდი ხოლმე გიორგი ბაჩიაშვილი ვიდეოჩამწერის მახსოვრობის ბარათებს იღებდა და ჩამწერ მოწყობილობაში ახალ ბარათებს დებდა.
გასამრჯელო შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ
- დამშვიდობების დროს გიორგიმ მადლობა გადამიხადა, გადმომცა 30000 დილარი დაპირებისამებრ, ეს თანხა მე მას თავად დავუსახელე. დავემშვიდობეთ ერთამნეთს, მაგრამ სანამ წამოვიდოდი მირჩია რომ ცოტა ხნით საქართველო დამეტოვებინა და მიმდინარე მივლენებს დავკვირვებოდი, თუ ასე არ მოვიქცეოდი და საქართველოში დავბრუნდებოდი, მითხრა - თუ დამაკვებდნენ ყველაფერი მეთქვა. ამის შემდეგ მე წამივედი საქართველოში.