"პოლიციელებმა "მეზიმ ფორტე" ამოიღეს მანქანიდან, ღმერთმა მოახმაროთ" - ჩიკვაიძის ძმა
"პოლიციელებმა "მეზიმ ფორტე" ამოიღეს მანქანიდან, ღმერთმა მოახმაროთ" - ამის შესახებ გიორგი ჩიკვაიძის ძმამ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "დღის ამბებში" განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიციამ მანქანიდან ამოიღო ადვოკატისთვის მისაცემი თანხა, 5000 დოლარის ოდენობით.
დაკავებული ბიზნესმენის ძმამ ასევე ისაუბრა საგურამოს სახლში მიმდინარე ჩხრეკაზეც. ის ვარაუდობს, რომ ფინანსური პოლიცია ჩიკვაიძის სახლში ჩანაწერებს ეძებს.
სავარაუდოდ ეძებენ ჩანაწერებს, მინდა ყველა დავამშვიდო, რომ ეს ჩანაწერები არც სახლში და მითუმეტეს არც ჯიბეში არავის არ უდევს. მეზიმ ფორტე ამოიღეს მანქანიდან და ღმერთმა მოახმაროთ.
ჩხრეკის დროს მანქანიდან ამოიღეს თანხა, რომელიც იყო ადვოკატსი ჰონორარი, რადგან გიორგის და ირაკლის საბანკო ანგარიშები იყო დაყადაღებული, ეს თანხა იყო ჰონორარი, რომელიც დღეს ამოიღო ფინანსურმა პოლიციამ და წაიღო როგორც სამხილი. ამ თანხას რა ბედი ეწევა, კაცმა არ იცის" - ამბობს ჩიკვაიძის ძმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩიკვაძე სასამართლო დარბაზში დააკავეს - გადაწყვეტილება მოსამართლემ იზა კელენჯერიძემ გამოაცხადა.
რაც შეეხება ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორს, მოსამართლემ ირაკლი პაპიაშვილის გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ამასთან, დღეს გაირკვა, რომ ბიზნესმენ ჩიკვაიძის წინააღმდეგ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო - როგორც პროკურატურა ამტკიცებს, ჩიკვაიძე 7-8 მარტს საქართველოს საზღვართან ახლოს იმყოფებოდა.
- ცნობისთვის, გიორგი ჩიკვაიძეს და და ირაკლი პაპიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 7-დან 11- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.