ბრიტანელმა პროფესორმა საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორს ჯილდოზე უარი უთხრა - ღონისძიება და პროტესტი ლონდონში
ბრიტანელმა პროფესორმა, დონალდ რეიფილდმა უარი თქვა ჯილდოზე ქართულ ენაში, ლიტერატურასა და ისტორიაში შეტანილი წვლილისთვის. რეიფილდისთვის ჯილდო ლონდონში საქართველოს მწერალთა სახლის ხელმძღვანელს, ქეთევან დუმბაძეს უნდა გადაეცა.
პროფესორმა არალეგიტიმური ხელისუფლებისგან ჯილდოს აღებაზე უარი იმ ძალადობის გამო განაცხადა, რომელსაც რეჟიმი საკუთარ ხალხს უწყეობს.
მე უაღრესად დამწუხრებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება და ვერ მივიღებ ვერანაირ საჩუქარს, რომელიც რამენაირად ასოცირდება მმართველ პარტიასთან, რომელიც ამყოფებს საქართველოს იმ მდგომარეობაში, როგორშიც ის ახლაა, - თქვა პროფესორმა.
საბოლოოდ ქეთი დუმბაძე ბრიტანეთში ვერ ჩავიდა, თუმცა ღონისძიება კულტურის სამინისტრომ და საქართველოს საელჩომ მაინც გამართეს.
ღონისძიებაზე მისულ რეჟიმის წარმომადგენლებს ემიგრანტები სინდისის პატიმრების და სპეცრაზმის მიერ ნაწამები ხალხის ფოტოებით დახვდნენ და ღონსიძიებაზე შეძახილებით შეაცილს. ადგილზე იმყოფებოდა ბაჩო საგანელიძეც, ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს წამორმდგენელი.
ჩვენი ინფორმაციით, მინისტრი უნდა ყოფილიყო ადგილზე, თუმცა არ აღმოჩნდა. ამ ივენთის შესახებ მე ვიცოდი რაღაცა პერიოდი და ვაპირებდით, რომ ეს ივენთი არ დამთავრებულიყო ისე, რომ იქ არ თქმულიყო საპროტესტო სიტყვა. როგორც ჩანს, როდესაც გაჟღერდა, რომ ეს ივენთი იქნებოდა ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის და არ იყო საბოლოოდ, იმიტომ, რომ არ მოგვცეს უფლება შესვლის, იქ უკვე მინისტრი და მინისტრთან დაახლოებული პირების დასწრება, როგორც ჩანს, საელჩომ ჩათვალა, რომ არ იყო მიზანშეწონილი. მთელი ივენთის განმავლობაში ვიყავით გარეთ და ასევე დაველოდოთ იმ მომენტს, როდესაც ისინი გამოვიდნენ გარეთ, რათა თითოეული მათგანი გაგვეცილებინა შეძახილებით და დაგვეხვედრებინა მათთვის იმ ადამიანების ფოტოები, რომელიც არის პოლიტპატიმარი და ასევე იმ ხალხის, ჟურნალისტების, ვინც „ოცნების“ რეჟიმმა აწამა, - ამბობს ქართველი ემიგრანტი "პირველებთან".
ცნობისთვის, დონალდ რეიფილდი ბრიტანელი მეცნიერი, მთარგმნელი და ლონდონის დედოფალ მერის უნივერსიტეტის პროფესორია.
რეიფილდმა ინგლისურად თარგმნა ქართველი მწერლების, მათ შორის, აკაკი წერეთლის, ოთარ ჭილაძისა და მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოებები. რეიფილდმა ასევე დაწერა ინგლისურენოვანი წიგნი საქართველოს ისტორიაზე უძველესი დროიდან თანამედროვე ეპოქამდე — Edge of Empires: A History of Georgia.