სახის ამომცნობი ტექნოლოგიების სკანდალი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

12.03.25 16:21
სახის ამომცნობი ტექნოლოგიების სკანდალი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

სახის ამომცნობი ტექნოლოგიების სკანდალი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განცხადებას ავრცელებს.

უწყება ამით, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ბრიფინგს გამოეხმაურა. 

  • საია ამბობს, რომ შსს აქციებზე სახის ამომცნობ ტექნოლოგიებს ტოტალური კონტროლისათვის იყენებს
  • ნონა ქურდოვანიძის თქმით, ორგანიზაციამ პერსონალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა და მათგან მოითხოვა, შეესწავლათ, „რამდენად განხორციელდა წინასწარ მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება, როცა ასეთი კატეგორიის კამერები დაყენდა კონკრეტულ ადგილას. რამდენად აღირიცხება მონაცემთა მიმართ შესრულებული მოქმედებები. ასევე, რამდენად შეესაბამება მოქმედ კანონს უსაფრთხოების ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები, რამდენად კანონიერად ხორციელდება სპეციალურ ელექტრონულ პროგრამებში დაცულ ინფორმაციაზე სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე წვდომა და დაშვება”.
  • ქურდოვანიძის თქმით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ამ დროისთვის არანაირი შეფასება არ გაუკეთებია. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა უწყებას, სათანადოდ შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი და მოახდინოს მასზე ეფექტიანი რეაგირება.

tvpirveli.ge  პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას და საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, 2025 წლის 18 თებერვალს, საკუთარი ინიციატივით, დაიწყო 2 დამოუკიდებელი არაგეგმური შემოწმება (ინსპექტირება), რომელიც მოიცავს: 
• შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მიერ კამერების მეშვეობით (თბილისი, რუსთაველის გამზირი) ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლას;
•  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში, ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლას. 
აღნიშნულის თაობაზე, 2025 წლის 20 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას  ეცნობა წერილობით. 
პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების 2  შემოწმება (ინსპექტირება) მიმდინარე ეტაპზეა, შესაბამისად, მის დასრულებამდე, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სამსახური მოკლებულია წინასწარი შეფასების შესაძლებლობას", - წერია განცხადებაში.