სინდისის პატიმრების საქმის განხილვა მოსამართლე დავით მგელიაშვილმა არ აიცილა
სინდისის პატიმრების საქმის განხილვა მოსამართლე დავით მგელიაშვილმა არ აიცილა - ეს შუამდგომლობა პროცესზე ვეფხია კასრაძის ადვოკატმა, კახა კოჟორიძემ დააყენა.
კოჟორიძის პოზიცია მოსამართლის აცილების თაობაზე სხვა ბრალდებულთა ადვოკატებმაც გაიზიარეს, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
უფლებადამცველის თქმით, მოსამართლე დავით მგელიაშვილი კვალიფიციური მოსამართლეა, თუმცა „გარემოება საეჭვოს ხდის მის ობიექტურობას და მიუკერძოებლობას“.
„თუკი რაიმე ერთი გარემოება საეჭვოს ხდის მოსამართლის მიუკერძოებლობას და ობიექტურობას, ეს აცილების საფუძველია, ეს წერია კანონში. გული მწყდება ამას რომ ვამბობ. მე ვინარჩუნებდი თქვენი პიროვნებისადმი, როგორც მოსამართლისადმი კეთილგანწყობას, მაგრამ ამ შემთხვევაში ვმოქმედებ ჩემი მარწმუნებლის ინტერესების შესაბამისად. ვეფხია კასრაძის ინტერესებს სჭირდება ის, რომ მისი საქმე ობიექტურმა მოსამართლემ განიხილოს. თქვენ მიერ წინა სხდომაზე პატიმრობის შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებამ და ასევე დღეს, მტკიცებულების დაუშვებლობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება ქმნის ვარაუდის საფუძველს, რომ თქვენ ვერ იქნებით ობიექტური. ამ საკითხსაც ვერ განიხილავთ ობიექტურად და მიუკერძოებლად. აქ არიან უდანაშაულო ადამიანები და ამ უდანაშაულო ადამიანებს ვუზღუდავთ მთავარ ღირებულებას, რაც კანონში წერია - ეს არის თავისუფლება“, - განაცხადა კოჟორიძემ.
დღევანდელი პროცესი მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობით გაგრძელდა. ბრალდების მხარის მტკიცებით, საქმეში არსებობს ვიდეო, რაც ბრალდებულთა დანაშაულს ამყარებს. საპირისპირო პოზიცია ჰქონდა დაცვის მხარეს. ადვოკატებმა განმარტეს, რომ ვიდეო საჯარო სივრციდანაა ამოღებული, ზოგადად, მტკიცებულებები არის კანონდარღვევით მოპოვებული და ისინი დაუშვებლად უნდა იქნას ცნობილი.
ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ხოლო ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.