სინდისის პატიმარმა, ირაკლი მიმინოშვილმა სასამართლო პროცესზე შეყვარებულს ხელი სთხოვა (ვიდეო)

12.03.25 17:37
სინდისის პატიმარმა, ირაკლი მიმინოშვილმა სასამართლო პროცესზე შეყვარებულს ხელი სთხოვა (ვიდეო)

 

 

სინდისის პატიმარმა, ირაკლი მიმინოშვილმა სასამართლო პროცესზე შეყვარებულს ხელი სთხოვა - როგორც "პირველების" კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, ახალგაზრდა ქალმა რეჟიმის ტყვეს ცოლობაზე თანხმობა განუცხადა. 

"მოკითხვები ყველას, პირველ რიგში ჩემ ოჯახს. მინდა იცოდეთ, მე კარგად ვარ, მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ჩვენგამო გამოდიან გარეთ და ერთი დღეც არ ჩაუგდიათ. ამ განვლილი 3 თვის მანძილზე მიფიქრია ადამიანების ფასეულობებზე და იმაზე, რომ ჩემ გარშემო როგორი ადამიანები მყავს, მივხვდი, რომ საუკეთესო ხალხია, ვინც ჩემ გარშემო ტრიალებს, რადგან სულ გვერდში მიდგანან. დედა მიყვარხარ, ლიზა მიყვარხარ, ნინი, ცოლად გამომყვები?"- თქვა ირაკლი მიმინოშვილმა.

საქალაქო სასამართლოში სინდისის 8 პატიმრის პროცესი დასრულდა - დაკავებულების საქმე არსებით განხილვაზე გადავიდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მგელიაშვილმა მიიღო.

პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. შემდეგი პროცესი 24 მარტს 12:00 საათზე გაიმართება. დაკავებულები პატიმრობაში რჩებიან.

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ხოლო ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.