მზად ვარ, ჩემი სიცოცხლე დავთმო, დაანებეთ ამ ახალგაზრდებს თავი! - ვეფხია კასრაძის სიტყვა სასამართლოში
თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების სხდომის დასრულებამდე სიტყვით რეჟიმის კიდევ ერთი ტყვე, ვეფხია კასრაძეც გამოვიდა - ოთხ კედელში გამოკეტილმა კაცმა სასამართლო მიკერძოებულობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მართლმსაჯულების სისტემა დღეს ერთი კაცის ხელშია მოქცეულია.
ვეფხია კასრაძემ ყურადღება გისოსებს მიღმა გამომწყვდეულ ახალგაზრდებზეც გაამახვილა და თქვა, რომ შვილების თაობის გადარჩენისთვის საკუთარ სიცოცხლესაც კი დათმობს - "მსხვერპლად შევეწირები ბიძინა ივანიშვილს, დაანებოს ამ ბავშვებს თავი. მზად ვარ ჩემი სიცოცხლე დავთმო, თუ გინდათ მაწამონ, დაანებეთ ამ ახალგაზრდებს თავი!"
"მე ამ უსამართლობას შევაკვდები. შევაკვდები და ღიმილით მოვკვდები. თუ გინდა, მაწამონ, როგორც გინდათ, ისე მაწამონ, მე ამ უსამართლობას არ შევეგუები" - განაცხადა სინდისის პატიმარმა.
ჩვენ, დღეს, ძალიან საშინელი ფაქტის წინაშე ვდგავართ. ჩვენს ქმედებაში ვერანაირი ბრალეულობა ვერ დავინახე. ბრალდების მხარემ ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, საერთოდ რა კავშირი მაქვს ამ ადამიანებთან, რა გავაფუჭე, გარდა იმ უკანონოდ მოპოვებული, შეთხზული ვიდეოჩანაწერისა. მიჩნდება განცდა, რომ ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული პოლიტიკური დევნა ჩემზე და ყველა იმ ახალგაზრდაზე, რომელიც საქართველოს ეროვნული მომავლისთვის იბრძვის. დღევანდელ სასამართლოზე ყველანაირი რწმენა და შთაბეჭდილება დავკარგე.
დღეს სასამართლო აბსოლუტურად, ყოველგვარ სამართალს მოკლებულია. ეს არის მიკერძოებული სასამართლო, რომელიც ასრულებს ერთი კაცის დავალებას. თუ მე სასჯელს მომისჯიან, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, როდესაც საქართველოს თავდადებულ ადამიანებს, რომლებსაც ბრძოლის 20-წლიანი გამოცდილება აქვთ, როდესაც ასეთ ადამიანებს უკანონოდ ასამართლებთ, მითხარით, რომელიმე ახალგაზრდას გაუჩნდება სურვილი თავისი სამშობლოსთვის იბრძოლოს? - არ მგონია. როდესაც სამარცხვინო შემწეობა აქვს ომის ვეტერანს, ამის შემდეგ სურვილი გაუჩნდება ვინმეს? მივიღეთ უკანონო სასამართლო, დამცირება ამ ყველა ვეტერანის მორალურად განადგურება.
როგორ გგონიათ ბატონო მოსამართლე, ბრძოლაში 20 წლიანი გამოცდილებით, საქმეს დავიჭერდი 19 წლის ბავშვებთან? არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ რამე კავშირი გვქონდა. როგორ უნდა დამემყარებინა ამ ადამიანებთან კონტაქტი? არ ვიცნობდი მათ, არ იყო სატელეფონო ზარი.. პირველად ვნახე ისინი და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ღიმილის ბიჭები გვყავს.
მე ამ უსამართლობას შევაკვდები. შევაკვდები და ღიმილით მოვკვდები. თუ გინდა მაწამონ, როგორც გინდათ, ისე მაწამონ, მე ამ უსამართლობას არ შევეგუები. მე ისეთ თავგანწირვას და თავდადებას გაჩვენებთ, რომ ჯერ არავის უნახავს.
ბატონო მოსამართლე, ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ, ჩაიხედეთ თქვენს გულში და ამ ყველაფერს სძლიეთ, რომ თქვენმა შვილებმა სირცხვილში არ იცხოვრონ.
მსხვერპლად შევეწირები ბიძინა ივანიშვილს, დაანებოს ამ ბავშვებს თავი. მზად ვარ ჩემი სიცოცხლე დავთმო, თუ გინდათ მაწამონ, დაანებეთ ამ ახალგაზრდებს თავი! მას არ აქვს მორალური უფლება საქართველო ჯიბეში ჩაიდოს!“,- განაცხადა ვეფხია კასრაძემ.
ცნობისთვის, დღეს, 12 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების პროცესი გაიმართა. რეჟიმის 8 ტყვე პატიმრობაში დარჩა. დაკავებულების საქმე არსებით განხილვაზე გადავიდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მგელიაშვილმა მიიღო. შემდეგი პროცესი 24 მარტს 12:00 საათზე გაიმართება.
ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ხოლო ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.