"პროკურატურამ საერთოდ უარი თქვა გარკვეული წონის მქონე ბრალდების წარმოდგენაზე, ადვოკატებს უწევთ დასაბუთება, რომ აბსურდი არის აბსურდი" - ცეცხლაძე

12.03.25 18:56
"პროკურატურამ საერთოდ უარი თქვა გარკვეული წონის მქონე ბრალდების წარმოდგენაზე, ადვოკატებს უწევთ დასაბუთება, რომ აბსურდი არის აბსურდი" - ცეცხლაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე, სადაც მოსამართლე დავით მგელიაშვილმა სინდისის პატიმრების საქმე განიხილა, სიტყვით რეჟიმის კიდევ ერთი ტყვე, ზვიად ცეცხლაძეც გამოვიდა.

ახალგაზრდამ განაცხადა, რომ "პროკურატურამ გარკვეული წონის მქონე ბრალდების წარმოდგენაზე უარი თქვა და ფაქტობრივად, დაცვის მხარეზე გადაიტანა მტკიცების ტვირთი.

პროკურატურამ საერთოდ უარი თქვა მტკიცებულების მოტანაზე. მტკიცებულების ტვირთი მთლიანად ბრალდებულებზე გადაიტანა. ბრალდებულს უნდა ემტკიცებინა, რომ ის არ იყო დამნაშავე და პროკურატურის მხრიდან არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რა იყო და რა არ იყო წარმოდგენილი. ამ შემთხვევაში, პარალელს იმას ვხედავ, რომ პროკურატურამ საერთოდ უარი თქვა გარკვეული წონის მქონე ბრალდების წარმოდგენაზე და ფაქტობრივად, ჩვენზე გადმოიტანა ტვირთი, რომ ჩვენ უნდა ვამტკიცოთ, უკანონოდ არის თუ არა მოპოვებული მტკიცებულება, ან რის შესახებ არის ეს მტკიცებულება და ა.შ.

ეს არ არის თანასწორთა შორის კამათი. ეს არის დავის პოზიციაში ყოფნა. ჩვენ ვიცავთ თავს და ვამტკიცებთ, რომ ეს მტკიცებულება შეუფერებელია და ა.შ.

ძალიან სამწუხაროა, რომ სასამართლოს შემოქმედები, როდესაც პრეცედენტულ “ქეისებზე” არის საუბარი, მსგავს პრეცედენტებს უშვებენ… ცუდ პრეცედენტს ქმნის პროკურატურის მხრიდანაც. ძალიან სავალალო მდგომარეობაში აყენებს ადვოკატებს, რომლებსაც უწევთ იმის დასაბუთება, რომ აბსურდი არის აბსურდი!”, - განაცხადა ზვიად ცეცხლაძემ.

ცნობისთვის, დღეს, 12 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების პროცესი გაიმართა. რეჟიმის 8 ტყვე პატიმრობაში დარჩა. დაკავებულების საქმე არსებით განხილვაზე გადავიდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მგელიაშვილმა მიიღო. შემდეგი პროცესი 24 მარტს 12:00 საათზე გაიმართება. 

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ხოლო ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.