"პირველების" ინფორმაციით, უძილაურის გარემოცვის წევრების სახლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
"პირველების" ინფორმაციით, გელა უძილაურის ახლო გარემოცვის წევრების სახლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა - როგორც ადვოკატი მარიამ შათირიშვილი "პირველებს" უყვება, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობისთვის დაკავებულის სახლის ჩხრეკის შემდეგ, პოლიციამ მისი ნათესავის სახლშიც ჩაატარა ჩხრეკა.
უფლებადამცველის მტკიცებით, ბრალდებული თავს მისი ნათესავით სახლში არ აფარებდა და ამას არ უკავშირდება აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები. თუ რას ეძებდნენ გელა უძილაურის ნათესავის სახლში, ამის შესახებ შათირიშვილი არ საუბრობს.
ჩხრეკის პროცესს არ დავსწრებივარ, უმნიშვნელო საგამოძიებო მოქმედებას დავესწარი. კონკრეტულად რას, ამაზე ჩემს კლიენტს საუაბრი არ სურს, შესაბამისად თავს შევიკავებ, მაგრამ მერწმუნეთ, რომ საქმესთან შემხებლობა არ აქვს. რა თქმა უნდა იცნობს უძლაურს, ნათესავია. მის სახლში არ აფარებდა თავს. დაკავებული არ არის და არც ქვეყნიდან გაუსვლელობაზე არ აქვს ხელი მოწერილი, ნებაყოფლობით ჩატარდა საგამოძებო მოქმედებები, ყოველგვარი ოფიციალური განჩინებების გარეშე", - ამბობს შათირიშვილი.
"პირველების" ინფორმაციით, უძილაურს ბრალს 15:00 საათზე წაუყენებენ - ჯანგველაძის მკვლელობისთვის დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.
ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 16 აპრილს ჩაცხრილეს. შაბათის ეთერის ინფორმაციით, ჯანგველაძე მოსკოვიდან თბილისში, მკვლელობამდე 3 საათით ადრე, მეგობრის და ბიზნესპარტნიორის, გურამ მოქიას პანაშვიდზე ჩამოვიდა.
პოლიციამ განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე ყოფილი სპეცრაზმელი, გელა უძილაური 17 მარტს დააკავა. უძლაურს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.